ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ინვესტორის "ენკაზე" სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს დაკარგავს. გოცირიძე დავის ასე დასრულებაში "ქართული ოცნების" მთავრობას ადანაშაულებს და მომავალში ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივ დევნასაც არ გამორიცხავს.
"ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს. ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის გამო.
ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს. როცა დღეს, საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა არბევენ, ვიღაც ვარლამს, ალტინფოსა და სხვა პრორუსულ დაჯგუფებებს, რესპუბლიკის მოედანზე კარვების ქალაქის განთავსების უფლება მისცეს მაშინ. გმირთა მოედანი ისე გადაკეტეს ამ მავნებლებმა, რომ მცდელობაც კი არ ჰქონია ხელისუფლებას რაიმე ეღონა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის სხვა წევრები პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რაც ქვეყანას მიადგა. სულაც არაა გამორიცხული, რომ ვიღაცებმა ხელისუფლებაში ამ ფულიდან “ატკატიც” კი მიიღონ, რადგან ხელი შეუწყვეს თურქულ კომპანიას გაცილებით მეტი ფული მიეღო, ვიდრე ხარჯების სახით ჰქონდა გაწეული. "ნამახვანის", "ნენსკრასა" და "ხუდონის" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მოვა დრო და გამოძიება დაინტერესდება.
ხუდონის ინდოელ ინვესტორს ათეულ მილიონობით ლარი გაატანეს ბიუჯეტიდან და გაუშვეს (აქაც “ატკატის” სუნი დგას), ხოლო "ნენსკრას" საკითხი წინ შეიძლება დაგხვდეს (კორეელი ინვესტორი გააგდეს). წინ უამრავი, მრავალმილიარდიანი სასამართლო დავებია, რაც ამ ხელისუფლების მიერ ინვესტორებისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულებითაა განპირობებული ქვეყანა გაკოტრების გზაზე დგას", - წერს გოცირიძე.