პლატფორმა "კომენტარის" დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობაში ვალის დონე გაზომა. 11 რეგიონში გამოკითხული 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ვალის დაგროვების ტენდენციები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მასშტაბით სესხისადმი დამოკიდებულება იზრდება.
ვალის/სესხის აღების დინამიკის მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში ასეთი პრაქტიკა 9%-დან თითქმის 33%-მდეა გაზრდილი. სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ოჯახების 62%-ს რაღაც ტიპის ვალი თუ სესხი ამ ეტაპზეც აქვს, რაც კვლევის ავტორების შეფასებით, მათ ნაკლებ ფინანსურ სტაბილურობაზე მიუთითებს.
ოჯახების უმეტესობა სამომხმარებლო სესხით სარგებლობს. ასეთი გამოკითხული ოჯახების 46,4%-ია. ვალის აღების ძირითადი წყარო ბანკებია. როგორც გამოკიტხვის შედეგებიდან ირკვევა, ქვეყანაში მცხოვრები ოჯახები სესხს ძირითადად საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და სამედიცინო ხარჯების დასაფარად იღებენ, რაც კვლევის ავტორების თქმით, მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
“საინტერესოა, რომ ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ვალის აღების არის სამედიცინო მომსახურების მიღება. ანუ ადამიანები ვალს და სესხს იღებენ იმიტომ, რომ დაფარონ ის სამედიცინო ხარჯები, რომელიც მათი ოჯახის რომელიმე არაჯანმრთელ წევრს სჭირდება”,-აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.