„ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ოლიგარქის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრები თუთიყუშებივით პროპაგანდას იმეორებენ. აქ სიღრმისეულ ანალიზში ვერ წავალ. ეს არის ჩვეულებრივ შეთქმულების თეორია. შეთქმულების თეორიები ძალიან ეფექტურია სწორედ რუსული და ავტოკრატიული ქვეყნების პროპაგანდაში", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქამიან დილაში“ საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ბათუ ქუთელიამ ისაუბრა.
მისი შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიანი შესაბამისი მანდატითაა აღჭურვილი, რაც სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი იქნება, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილება მოჰყვება ამერიკული სახელმწიფოს მხრიდან, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსული სცენარით მართვას გააგრძელებს.
ამასთან, ქუთელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოსვლის შემდეგ, რაიმეზე ოპტიმისტურად ფიქრი რთულია, როდესაც საზოგადოებამ მთელი სპექტრი რუსული პროპაგანდისტული კონსპირაციული გზავნილები და ასევე დაანონსებული ძალადობის შესახებ მოისმინა.
„ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ოცნებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, ან თუნდაც რომელიმე ერთ პარტიაზე არ დგას. ამას თავისი დიდ ხნიანი ტრადიცია აქვს. ამერიკა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორი, რომელიც ყველა გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩვენს გვერდით იდგა. შესაბამისად, ეს პარტნიორობა იყო ორმხრივი.
დღეს, როგორც ხედავთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის პოზიციები არის ერთნაირი. ეს პროცესი არ არის ერთ კანონზე. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო ოცნებამ, რომელსაც ინსტიტუციები აქვს მიტაცებული. სწორედ ამაზეა საუბარი, თუ როგორ მოხდეს ამ მიტაცებული სახელმწიფოს ხელიდან გამორთმევა და მისი ნორმალური განვითარების ტრაექტორიაზე დაბრუნება “,- აცხადებს ქუთელია.
მისივე ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიანის განცხადების ნაწილი ეთმობოდა იმას, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას, თუ სახელმწიფო ამ კანონს მიიღებს და რომ ეს კანონი, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას გულისხმობს.
„ზოგადად, როდესაც ორ ქვეყანას შორის საუბარი მიმდინარეობს ხოლმე, რაღაც ნაწილი კომუნიკაციის ფარგლებში კონფიდენციალური რჩება. თუმცა, აშშ-ს ჩვეულებრივ ორგანიზაციასთან არ აქვს საქმე. „ქართული ოცნება“ უფრო კრიმინალურ სინდიკატად ჩამოყალიბდა. ასეთ დროს სასურველია ღიად და გამჭვირვალედ საუბარი და არანაირ ვაჭრობებში შესვლა, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის ვაჭრობები არა პოლიტიკურ, არამედ კრიმინალურ ან ოლიგარქიულ სტრუქტურასთან ყოველთვის საწინააღმდეგოდ სრულდება ხოლმე. ამ პროცესის მონაწილე "ქართულ ოცნებაზე" უფრო მეტად არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. და რადგან, ქვეყანაში ინსტიტუციები მიტაცებულია, უნდა გადაწყდეს ქუჩაში, იმ ადამიანების მიერ, ვინც აპროტესტებს“,- განმარტავს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
ქუთელიას თქმით, გლობალური ომის პარტიაზე აბსურდული გზავნილები, ნაკლებ იმედს ტოვებს ოპტიმიზმისთვის ან რაიმე პოზიტიური განვითარებისთვის. ის ერთი ერთში იმეორებს რასაც რუსეთის მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები ამბობენ.
"ცნობილი მანტრაა, რომ ყველა ტირანია ძალადობასა და ტყუილზე დგას, მაგრამ რაღაც დროს, ტყუილიც გამოაშკარავდება და ძალადობაც აზრს კარგავს. სამწუხაროდ, ჩვენც, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის შიგნით ამ პროცესის გავლა მოგვიწია. თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც კულმინაციურ წერტილამდე მივდივართ და თუ ამ პრობლემას გადავლახავთ, ვფიქრობ, ძალიან მალე ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდება. გზას, რომლის ფანჯარაც ჯერ კიდევ გახსნილია“,- აღნიშნავს ბათუ ქუთელია.