"ივლისში ტურისტული ვიზიტების 1%–ით ზრდა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ზრდის ტემპი შემცირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ შემცირებულია იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოვიდნენ, თუმცა ამ ყველაფერში პოზიტიური მხარე არის ის, რომ მაინც გავიდა 1%-იან ზრდის ტემპზე", - ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ივლისში ტურისტული ვიზიტების 1%–ით ზრდის საკითხს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არა რუსეთის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგო, აღნიშნული 1%-იან ზრდა რამდენი იქნებოდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ადმინისტრაციის ვარაუდით, ივლისში ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა ორნიშნა ციფრით უნდა გაზრდილიყო.
"შესაბამისად, მოლოდინები მაღალი იყო. ბუნებრივია, მოლოდინები მაღალი იყო როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული მიმართულებით.
ჩვენ ივლისის თვეში ვნახეთ, რომ მიუხედავად იმ შექმნილი ვითარებისა, რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი აქვთ. საუბარი იმაზე, რომ აღდგეს ის სტატუს კვო, რაც იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს. ჩვენი ამოცანა პირველივე დღიდან იყო ის, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ის ზარალი, რაც შესაძლებელი იყო ჩვენს ქვეყანას მიეღო", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

























