მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვრივიშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტი ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტი ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს.

"ჩვენი გეგმით ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში უნდა შევიდეს 2031 წელს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია. რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნება ინვესტორი და აეროპორტის ოპერატორი, ეს რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს", - განაცხადა "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში.

"ქართული ოცნების" მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისში არსებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების გაზრდილ რაოდენობას ვერ პასუხობს.

"განსაზღვრული გვაქვს მგზავრთნაკადის პროგნოზი, ისევე როგორც ტვირთნაკადის პროგნოზი, ასევე ტურისტული ნაკადების პროგნოზი 2050 წლამდე, ანუ რა იქნება ზრდის დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ექნება. დღეს, ცალსახად ვხედავთ, რომ არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერიტორიული შემჭიდროებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს გაუმკლავდეს გაზრდილ მგზავრთნაკადს, რასაც ასევე ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიაში გვაქვს რეკორდული მონაცემები, 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად კვარტალში ერთხელ ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოგვყავს ქვეყანაში", - ამბობს ქვრივიშვილი.

მთავრობა თბილისში მეორე საერთაშორისო აეროპორტის აშენებას აპირებს. გეგმით, ახალმა აეროპორტმა ვაზიანში, ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე წელიწადში 19 მლნ მგზავრი უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები