ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
ცნობისთვის, სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა. ირაკლი გაბრიაძე 2020 წლიდან ამავე სააგენტოს უფროსის, მიხეილ ხიდურელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხიდურელმა 27 აპრილს სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" უფროსად გადაინაცვლა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდა და მასში "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტმა გადაინაცვლა, ხოლო სააგენტოს დანარჩენი ფუნქციები, რაც ბიზნეს სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში" გადავიდა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
„რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები და სიკეთეები, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ჩვენს ქვეყანას, მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ სექტორებს მოუტანა, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა სწორად დაგვენახა შემდგომი გაფართოებისა და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გვქონდეს მეტი ბერკეტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა (მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების) და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია.
„ჩვენი დიდი სურვილია, გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოოთ სერვისების კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ეს დაგვეხმარება, უფრო მოკლე დროში დავინახოთ შედეგები ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენერგეტიკის სექტორი - ეს არის საპილოტე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სადაც კორპორაციის ჩართულობით, ობიექტურად, მართლაც ხელშესახებ შედეგებსა და ბევრად უფრო დიდ აქტივობას ველოდებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი გაბრიაძეს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია უახლოეს წლებში ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
"ის 2020 წლიდან იკავებდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში - არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულთან ერთად, ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი", - იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო.
მთავრობის განცხადებების თანახმად, 2026 წლის განმავლობაში სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" დაფინანსებას მიიღებს ბიუჯეტის იმავე მუხლიდან, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს აფინანსებდა, რაც 232.7 მილიონ ლარს შეადგენდა, ჯერჯერობით კორპორაციას ახალი პროგრამები არ აქვს წარდგენილი და ის ყოფილი “აწარმოე საქართველოში”-ს პროგრამებით ოპერირებს, რაც ძირითადად ბიზნესისთვის საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას მოიცავს. კორპორაცია ასევე აგრძელებს იპოთეკური კრედიტების თანადაფინანსების პროგრამასაც.




























