მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[ქვრივიშვილს] აქამდეც ბევრი დრო ჰქონდა, თუ რამის გაკეთება უნდოდა ტურიზმში, გაეკეთებინა - ცოტნე ჯაფარიძე

ცოტნე ჯაფარიძე

“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე მარიამ ქვრივიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნით ტურიზმის მიმართულებით ცვლილებებს არ ელის. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, თუ ქვრივიშვილს რაიმე არსებითის გაკეთება უნდოდა, ეს აქამდეც შეეძლო, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ის კურირებდა ტურიზმის მიმართულებას.

დღეს გამოცხადებული უახლესი საკადრო ცვლილებებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ახალ მინისტრთან დაკავშირებით მოლოდინებზე კითხვის საპასუხოდ ცოტნე ჯაფარიძემ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ტურიზმისთვის შემდგარი არაა და ქვეყანას მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ ჰყავს.

"შიდა გადაადგილებები სხვადასხვა თანამდებობებზე არაფერს შეცვლის და სიტუაცია არ გამოსწორდება, იმიტომ, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მიილია, რადგან ვინმე რომ აპირებდეს ივლის-აგვისტოში ჩამოსვლას, ეს ჯავშნები უკვე არსებული უნდა იყოს.

იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მხარჯველობით, რაღაც კონტრიბუციას შეიტანდნენ ტურიზმის სფეროში, მაგრამ დღეს ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე ძირითადი სტუმრები არიან აზიიდან და რუსეთიდან, ეს ის კატეგორიაა, რომელიც სამწუხაროდ, არ გამოირჩევიან დიდი მხარჯველობითი უნარით. ტურიზმის სფეროს ნამდვილად არა აქვს კარგი წელი და არც მოლოდინია რამე გამოსწორების საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი იმდენად გვაქვს შელახული. როცა ვთქვათ პოტენციური მოგზაური ხსნის ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ენაზე საქართველოს შესახებ, ჯერ ყოველთვის არის ნეგატიური ინფორმაცია და პლუს ის ემატება, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გასცა ნეგატიური რეკომენდაციები საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ახლა რაც არ უნდა გადაათამაშონ [კადრები] არაფერს შეცვლის, განსაკუთრებით არც ეს ფიგურა, ე.წ. მინისტრი [მარიამ ქვრივიშვილი], რომელიც დღეს დაინიშნა, იმიტომ, რომ მას აქამდეც ძალიან ბევრი დრო ჰქონდა, თუ რამის გაკეთება უნდოდა ტურიზმში, გაეკეთებინა. აქამდეც ისედაც ტურიზმის კურატორად ეს ქალბატონი ითვლებოდა ყოველთვის ბოლო წლებში და ახალ თანამდებობაზე დაინიშნა თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ესეც არის რეჟიმის ერთ-ერთი ჭანჭიკი, როგორც ყველა სხვა და მათი დავალება ისაა, რომ უბრალოდ ემსახურონ თავიანთ მბრძანებელს",- ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შეფასებას ტურიზმის პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, სექტორის განადგურება 2019 წლიდან, გავრილოვის ჩამოყვანით დაიწყო.

"კარგს ვერაფერს ვიტყვი. 2017-19 იყო ოქროს წლები ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურიზმის სექტორის განადგურება დაიწყო 2019-ში, როდესაც ჩამოიყვანეს გავრილოვი, და მოყვა გავრილოვის ღამე. ამან იმიჯი შეგვილახა. შემდეგი იყო კოვიდის წელი, როცა აბსოლუტურად არანორმალური და დრაკონული რეგულაციები გვქონდა ქვეყანაში, რამაც მთელი ეკონომიკა დააზარალა და არა მარტო ტურიზმი. 2023 წელს ვიყავით ITB Berlin-ის, ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა, რაც ხდება, მე მგონი 20-40 წელიწადში ერთხელ და ზუსტად მაგ დროს შემოიტანეს რუსული კანონი პირველად მარტში, როცა ეს ღონისძიება იმართებოდა, იქ ვიყავით ჩვენ და პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა ტურიზმის გამოწვევებსა და იმ გეგმებზე, რომელიც ტურიზმისთვის გვქონდა თითქოს ფურცელზე და ამ დროს რეალურად თბილისში ხდებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევა. 2024 წელს თავიდან მოხდა რუსული კანონის შემობრუნება, რამაც 2024 წლის ჯავშნებზე კიდევ უფრო ცუდი გავლენა მოახდინა და მერე უკვე შარშანდელი ნოემბერ-დეკემბერი ყველას გვახსოვს, ამან უკვე წლევანდელ წელზე მოახდინა გავლენა",- ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები