კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვარში ფასების ზრდა ფიქსირდებოდა, ხოლო თებერვალ-მარტის თვეში - ფასების კლება. სააგენტოს თანახმად, იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.
"იანვრის თვეში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს",- აღნიშნულია ანგარიშში.
ფასის შემცირება თებერვალ-მარტში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგმენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული.
მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.
ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.
2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. 3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს.