„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში „გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები დააინიციირეს. წარდგენილი პროექტით, გრანტის განმარტება კიდევ ერთხელ ზუსტდება და მის მიღმა რჩება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრების ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 4 მარტს პარლამენტმა განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გრანტად მიიჩნევა უცხოური ძალისგან (სახელმწიფო ან მოქალაქე) მიღებული ფულადი ან ნატურალური სახსრები, რომლებიც:
- მიმართულია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად;
- გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან და მიდგომებიდან.
ახალი კანონპროექტით, ზემოთ ხსენებული „ბ“ პუნქტი (უცხოური ინტერესების გატარება) აღარ გავრცელდება გარკვეულ სუბიექტებზე. კერძოდ, გრანტად აღარ მიიჩნევა:
- დიპლომატიური წარმომადგენლობების;
- საკონსულო დაწესებულებებისა და;
- საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ავტორები განმარტავენ, რომ დიპლომატიური და საერთაშორისო მისიები, თავისი არსით, სწორედ წარმგზავნი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან და მათ საქმიანობაში უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესები ხშირად მთავარ ადგილს იკავებს.
„საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა, თავისი არსით ემსახურება შესაბამისი სუბიექტის ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები ხშირ შემთხვევაში მთავარ ადგილს იკავებს“.
განმარტებით ბარათში ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ამ ურთიერთობებზე ისედაც არ ვრცელდება, თუმცა ცვლილება აუცილებელია „კანონის ერთგვაროვანი წაკითხვის უზრუნველსაყოფად“.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული გამონაკლისი ეხება იმ სახსრებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. მიზანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს ცვლილებები, რათა არ შეფერხდეს აკრედიტებული მისიების მუშაობა საქართველოში.
ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.




























