მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ახალი პროექტები ხორციელდება თბილისის თიზ-ში - „ზოტი ჰოლდინგის" გეგმები

თბილისის თიზი

თბილისის თავისუფალ ზონაში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ახალი პროექტი განხორციელდა.

როგორც თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგში“ BMG-ის განუცხადეს, მათ შორის, ზონის ტერიტორიაზე GDP სტანდარტის ორი ფარმაცევტული საწყობი მოეწყო.

ამასთან, კომპანიის მმართველი პარტნიორის, სოსო ნიბლაძის განცხადებით, თიზ-ის ტერიტორიაზე გერმანული ინვესტიციით ორი საწარმო უკვე ოპერირებს. ერთ-ერთია BOEING-სთვის ბიზნესკლასის სავარძლების კარკასის წარმოება, ხოლო მეორე - მიკროჩიპების წარმოება.

ამასთან, მისივე თქმით, თიზ-ში ყაზახური ინვესტიციით უკვე დაიწყო ოპერირება არომაპროდუქტების საწარმომ, რომლის გაფართოებაც უახლოეს თვეებში იგეგმება.

„დაახლოებით 15 თვეა, რაც ჩვენი კომპანია თიზ-ის მენეჯმენტშია და უკვე შევძელით რამდენიმე საინტერესო პროექტის ინიცირება და დასრულება. მათ შორის, პირველად თიზ-ების ისტორიაში შეიქმნა GDP სტანდარტების ორი ფარმაცევტული საწყობი. ერთი უშუალოდ ინვესტორის, მეორე კი ჩვენი ინვესტიციით. ასევე საინტერესო პროექტებია გერმანული ინვესტიციით. ერთია - BOEING-სთვის ბიზნესკლასის სავარძლების კარკასის წარმოება, ესაა პირველადი პროექტი და შემდეგ ეტაპზე იგეგმება თიზ-ში მთლიანი სავარძლების წარმოება და იმედი გვაქვს, რომ ეს მომავალი წლიდან უკვე დაიწყება. ასევე გერმანული ინვესტიციით გვაქვს მიკროჩიპების წარმოება. კიდევ ერთი პროექტი უკრაინული ინვესტიციით ესაა მინერალური სასმელების კარბონიზაციისთვის დანადგარების აწყობა, ინფრასტრუქტურა ჩვენ მოვამზადეთ და ინვესტორმა დანადგარების იმპორტი და საწარმოო ხაზის გამართვა უზრუნველყო. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ყაზახური ინვესტიციით არომაპროდუქტების წარმოება, დიფუზორების და სხვა პროდუქტების წარმოება. ამ პროექტის შედარებით მცირე ნაწილი წარმოებაში უკვე ჩაეშვა, რამდენიმე თვეში კი კომპანია უფრო მასშტაბური ხაზის წარმოებას დაიწყებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინვესტორებთან მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთ პროექტზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

ცნობისთვის, თბილისის თავისუფალი ზონა 2016 წლიდან ფუნქციონირებს. თიზ-ის მენეჯმენტში „ზოტი ჰოლდინგი“ 2023 წლის აპრილში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები