თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს გამოიკვლევს და მოწმეებს დაკითხავს.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ. მან აღნიშნა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 1 200 დოლარი ამოიღეს, რაც მისი თქმით, იმ საქმეს არ უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც 7 მილიონი დოლარი ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებთან ერთად გაჩხრიკეს რომეო მიქაუტაძის სახლიც.
უცნობია, რა ედება მიქაუტაძეს ბრალად ამჯერად, უკვე არსებული ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.




























