მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს დოლართან მიმართებით - კვირის სავალუტო მიმოხილვა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 1.28 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7776 ლარი გახდა. ამის საპირისპიროდ ლარი მკვეთრად - 11.5 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.0181 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 7.31 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5898 ლარამდე გაიზარდა.

დოლართან ლარის გამყარების მიზეზი თავად აშშ დოლარის გაუფასურებაა. ბოლო ერთ კვირაში აშშ დოლარი ევროსთან გაუფასურდა. თუკი პირველ მარტს ერთი ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს მისი ფასი უკვე 1.09 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ევრო უკანასკნელი დღეების განმავლობაში მკვეთრად მყარდება, რაც მათ შორის ევროსთან ლარის გაუფასურებას იწვევს.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, თებერვლის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. იანვრის რამდენიმე მონაცემი კი უკვე ხელმისაწვდომია. იანვრის განმავლობაში ექსპორტმა 404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 45%-ით არის მომატებული. თუმცა, იმპორტის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში 481 მილიონი დოლარის ნახატების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტის ზომა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.8%-იან მატებას ნიშნავს. ფულადი გზავნილები კი 242 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 8.5%-ით არის შემცირებული.

ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო.

ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება გასულ კვირაში

ვალუტა ლარი სხვაობა თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7776 1.28
1 ევრო 3.0181 -11.5
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5898 -7.31
1 თურქული ლირა 0.0762 0.02
100 რუსული რუბლი 3.1248 3.48
1000 სომხური დრამი 7.0505 2.46
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6354 0.53
10 ჩინური იუანი 3.84 -0.7
100 იაპონური იენი 1.8835 -2.71
10 უკრაინული გრივნა 0.6738 -0.04

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები