მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აქტივებს ფლობს უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ფონდი - ანგარიში

უჩა მამაცაშვილი

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია და წარსულში “თანაინვესტირების ფონდის” დირექტორის მოადგილის და საქართველოს "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ის მფლობელია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს.

ფონდის ვებგვერდის თანახმად, მისი პროექტებია:

სასტუმრო “მელიქიშვილი ინნ”

შპს “მელიქიშვილი ინნ” ახორციელებს ახალი სასტუმროს პროექტს. სასტუმრო, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5 ნომერში მდებარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც აერთიანებს 116 ნომერს. საპროექტო შენობის I სართულზე დაგეგმილია მთავარი რესტორნისა და ღვინის ბარის განთავსება, ხოლო ბოლო სართულზე ტერასული ტიპის რესტორნის მოწყობა.

სასტუმრო ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა, მას კომპანია “ანაგი” აშენებს.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს “მელიქიშვილი ინნ”-ის 50%-იან წილს ფლობს პირადად უჩა მამაცაშვილი, რომელიც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ხოლო 50%-იან წილს ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. კარიჭაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის - “Bolero & Company”-ის და “კ და ქართული სპირტის” დამფუძნებელია.

Illy Cafe საქართველო:

საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ის ვებგვერდის მიხედვით, 2017 წლიდან ქართულ ბაზარზე იტალიური ყავის ბრენდის illy-ის პარტნიორი შპს Georgian Retail Investments-ია.

“დღეისთვის კომპანია თბილისში „illy Caffé Georgia“-ს ორ ობიექტს ფლობს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისსა“ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უახლოეს მომავალში კაფეების ქსელის გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში", - ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანია “ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთს” 2017 წლის ოქტომბერში დაარსდა და მისი მესაკუთრეები არიან - სს “მიდლ სის კაპიტალ” - 80%; კახაბერ რუსიძე - 10%; დავით საკანდელიძე - 5%; გურამ ცანავა - 5%.

ფარმაცევტული საწარმო GeoOrganics:

შპს Geo Organics-ი 2017 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის მიმართულებები ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაა. საწარმო, რომელიც სოფელ ზემო ლისში მდებარეობს, GMP-ს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აშენდა.

“Geo Organics-ი საქართველოში ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკას უშვებს. წარმოების ყველა ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ხარისხის უმაღლეს კონტროლს გადის. გარდა ამისა, „Geo Organics“-ის ბაზაზე დაგეგმილია ლაბორატორიის აშენება, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დამზადება იქნება შესაძლებელი”, - ნათქვამია Middle Seas Capital-ის ვებგვერდზე.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. მასში 90%-იანი წილი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ფირმა Geo Organics Limited-ს ეკუთვნის, 10%-იანი წილი კი “მიდლ სის კაპიტალს”.

Middle Seas Capital-ის ფინანსები და აქტივები

საინვესტიციო ფონდის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მისი შემოსავალი 2.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფონდის მოგებამ 111 ათასი ლარი შეადგინა, ფონის მთლიანი აქტივები კი გასული წლის ბოლოსთვის 1.4 მილიონი ლარი იყო, ვალდებულებები კი 2.1 მილიონ ლარს შეადგენდა.

უჩა მამაცაშვილის შესახებ:

უჩა მამაცაშვილმა საინვესტიციო საქმიანობა 1993 წელს „ბანკ როსიისკი კრედიტში“ დაიწყო და საინვესტიციო მიმართულებით წამყვანი პოზიციები ეკავა. 1996-2002 წლებში იგი „მეტალოინვესტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2006-2012 წლებში კი, ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი – „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია „Middle Seas Capital“-ი.

საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ის დირექტორია დავით ბოლოთაური.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება “მიდლ სის კაპიტალი” 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მასში 90%-იანი წილი ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის, 5-5%-იანი წილები კომპანიის მენეჯერებს დავით ბოლოთაურს და გურამ ცანავას ეკუთვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები