მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ) მოსდის რუსეთის ეკონომიკას? - ანალიზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა. IMF-ის მოლოდინით, წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 0.9 პროცენტისა. 2026 წელს IMF-ში მოელიან, რომ რუსეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 1.1%-ის ფარგლებში იქნება, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. IMF-ის შეფასებით, სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული ზრდა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას აუარესებს, რაც ზრდის ტემპს ამცირებს.

სულ რაღაც ორი დღის წინ, ბრიტანეთმა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია Lukoil-ი და Rosneft-ი და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 51 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რაც მთავრობამ ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებისა და კრემლის შემოსავლების შემცირების ახალ მცდელობად შეაფასა. როგორც ბრიტანეთი განმარტავს, Lukoil-ი და Rosneft-ი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონის ქვეშ რუსული მთავრობის მხარდაჭერისთვის თავიანთი როლის გამო მოხვდნენ. შესაბამისად, კომპანიებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის უფლებას, ტრანსპორტირების შეზღუდვებს და დიდი ბრიტანეთის ნდობის სერვისების აკრძალვას ექვემდებარებიან.

მთავრობის განცხადებით, ეს ორი კომპანია კრემლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ითვლება და მათი საქმიანობა რუსეთისთვის ეკონომიკური მნიშვნელობისაა: ნავთობკომპანიები სახელმწიფო გადასახადებს იხდიან, რითაც უკრაინაში ომის დაფინანსებას უწყობენ ხელს.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის რეიჩელ რივზის განცხადებით, "რუსეთის ადგილი გლობალურ ბაზრებზე არ არის" და დიდი ბრიტანეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომის დაფინანსება ვეღარ შეძლოს.

ამასთან, სანქციები 51 ნავთობტანკერზეც გავრცელდა, საიდანაც 44 "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაშია. სანქციების ქვეშ მოექცნენ ფიზიკური და იურიდიული პირები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკასა და თავდაცვაში. Rosneft-ი რუსეთის წამყვანი ნავთობმწარმოებელია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი წარმოების 40% მოდის, Lukoil-ი კი სიდიდით მეორეა და კონკურენტებს შორის ყველაზე დიდი საგარეო წარმომადგენლობითაა ცნობილი.

რაც შეეხება "ჩრდილოვან ფლოტს", ეს ძველი ტანკერების ქსელია, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, რუსულ ნავთობზე სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. ფლოტი სულ უფრო ხშირად ხდება ბრიტანული, ამერიკული და ევროპული სანქციების სამიზნე. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი გააუარესა თავად კრემლმაც.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ოფიციალური პროგნოზი 2.5%-დან 1.5%-მდე შეამცირა. უწყების განმარტებით, მკვეთრად გაზრდილი სამხედრო ხარჯებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე,

კრედიტის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ეკონომიკური ზრდის დინამიკას პირდაპირ აფერხებს. მაგალითად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეალური ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შენელდა: წინა წლის 4%-იანი ზრდის ნაცვლად წელს რუსეთის ეკონომიკა 1.1%–ით გაიზარდა.

ნელა, მაგრამ მუშაობს თუ არა სანქციები და რომელ სექტორებს ეტყობა ყველაზე მეტად?

სტუმარი: ვახტანგ ფარცვანია - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები