[ზურაბ პოლოლიკაშვილის] საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებული ხშირად სწორედ საქართველო იყო“ - ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის საქმიანობას.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“ მთავრობა გააკრიტიკა იმ ფორმის გამო, როგორც მოიხსნა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა და ვრცლად ისაუბრა იმ საქმეებზე, რომელიც ორი ვადით არჩეულის ზურაბ პოლოლიკაშვილის გავლენით და დახმარებით საქართველოში გაკეთდა, მათ შორის პანდემიის პერიოდში.
„ალბათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უფრო უნდა საუბრობდეს ამ საქმეებზე, რადგან ადმინისტრაციიდან 2020 წელს წამოვედი და მთელი დახმარებების პაკეტი იყო მზად. მთლიანობაში დიდი წვლილი შეიტანა ტურიზმის განვითარებაში. ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რა პერიოდიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ისევ გვერდში დაუდგება, მიუხედავად ამ საკმაოდ სასირცხვილო გადაწყვეტილებისა, რომელიც ქვეყანამ მიიღო“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ გაეროს სტრუქტურაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის ყოფნა ისტორიული მოვლენა იყო.
გიორგი ბრეგაძემ, საქართველოსთან მიმართებით, ზურაბ პოლოლიკაშვილის საქმიანობის შეფასებისას სხვადასხვა ინიციატივა და ღონისძიება გამოყო. მათ შორის არის 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარება, რაც საქართველოში პირველად გაიმართა და ასევე, მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს საპატიო მასპინძლის სტატუსი.
„UNWTO-ის ძალისხმევითა და ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველომ covid-ის შემდგომ ტურიზმის სწრაფი აღდგენის გზაზე საერთაშორისო დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო.
"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა!
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB Berlin 2023-ზე, საქართველომ რომ საპატიო ქვეყნების სტატუსი მოიპოვა. ეს ნაბიჯი პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
მსოფლიო ტურიზმის დღე – პირველად საქართველოში!
2024 წელს, პირველად საქართველოში, მსოფლიო ტურიზმის დღეს თბილისმა უმასპინძლა — უმაღლესი დონის საერთაშორისო სტუმრები, მედიის ფოკუსი და უპრეცედენტო ყურადღება. ეს იყო ძლიერი სიგნალი: საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე თვალსაჩინოდ დამკვიდრდა.
საინვესტიციო სახელმძღვანელო – Investing in Georgia
2022 წელს UNWTO-ის მხარდაჭერით შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც ინვესტორებს უჩვენებს, რატომ ღირს საქართველოში ტურიზმში ინვესტირება. ეს დოკუმენტი გახდა ინსტრუმენტი კაპიტალის მოსაზიდად.
UNWTO აკადემიის დაარსების გეგმა თბილისში
2023 წელს, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გამოაცხადა UNWTO აკადემიის შექმნის გეგმა თბილისში - განათლება, პროფესიული განვითარება და საქართველოს როლი როგორც რეგიონული ლიდერის. როგორც ვიცი, ამ პროექტზე მუშაობა გრძელდება.
TedQual სერტიფიცირება კავკასიის უნივერსიტეტისთვის
მისი ხელმძღვანელობის დროს, კავკასიის უნივერსიტეტმა მოიპოვა UNWTO-ის პრესტიჟული TedQual სერტიფიცირება - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი ტურიზმის პროგრამა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი ბრეგაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას საქართველოსთვის მაქსიმუმი გააკეთა.
„ბოლო წლებში, საქართველო არაერთხელ იქცა მასპინძლად საერთაშორისო ღონისძიებებისთვის — ეს კი ქვეყნის იმიჯს, პარტნიორულ ქსელებსა და საინვესტიციო გარემოს აძლიერებს. მართალია, მე თავად 2020 წლიდან აღარ ვარ ტურიზმის ადმინისტრაციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სიას სხვა კოლეგებიც დაამატებდნენ ბევრ ისტორიას — კულისების მიღმა მხარდაჭერის, სტრატეგიული ხედვისა და საქართველოსთვის გაწეული შრომის შესახებ.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა შესაძლებელი ზურაბ პოლოლიკაშვილის გავლენის, ავტორიტეტისა და ხედვის გარეშე. გენერალური მდივანი რომ ქართველი იყო, გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნოდა და ცხადია, ვისი გავლენით მოხდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გიორგი ბრეგაძემ.
ცნობისთვის: გუშინ, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობამ UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს.




























