მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის DNS ინდუსტრიის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევები?

5fbd05f9dbbc2
BM.GE
24.11.20 17:04
2306
DNS-ი არის ინტერნეტის ერთ-ერთი საბაზისო სისტემა, რომელიც ვებგვერდებთან კავშირს უზრუნველყოფს. სწორედ DNS ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხებოდა აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა. ღონისძიება მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით შედგა.

BMG ფორუმის მთავარი მიზნებისა და შედეგების შესახებ ICANN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიხაილ ანისიმოვს ესაუბრა. კითხვაზე თუ რა არის არსებულ ვითარებაში DNS ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები, მიხაილ ანისიმოვი პასუხობს, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც ICANN-ი მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს. ამასთანავე, პანდემიის პირობებში კომპანიების მხრიდან ფუნქციონირების უწყვეტად გაგრძელების და ისეთი ახალი ტექნოლოგიების ათვისების საკითხები, როგორიცაა 5G და IoT ფორუმის მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხები იყო.

“კიბერუსაფრთხოება არ არის მხოლოდ ლოკალიზებული პრობლემა და ის ვერ იქნება ლოკალიზებული პრობლემა, რადგან აქტორები, რომელთაც ზიანის გამოწვევა სურთ გლობალურად არიან განაწილებული. ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტის საბაზისო ინფრასტრუქტურა თანაბრად მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, აქ ჩვენ გლობალურ საფრთხეებზე ვსუაბრობთ.

ჩვენ ICANN-ში საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობთ ამგვარი საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობას. ფიშინგი სწორედ ამის მაგალითია. მაგალითად, თქვენ ცდილობთ შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში, თუმცა ამ დროს არის მცდელობა, რომ თქვენ მოტყუებით სხვა მისამართზე გადაგიყვანონ და თქვენი საბანკო მონაცემები მოიპარონ. DNS-ის უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს,”- ამბობს მიხაილ ანისიმოვი.

მიხაილ ანისომოვმა თავად ICANN-ის და მთლიან ინტერნეტ ეკოსისტემაში ორგანიზაციის მანდატის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დომენების სახელების მართვით, ICANN-ი ინტერნეტის სამისამართო სისტემის ინფრასტრუქტურის სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი.

“რაც შეეხება ჩვენს როლს - ICANN-ი ნიშნავს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ კორპორაციას. ჩვენ ვართ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს. ჩვენი ძირითადი მიზანია ის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელს ინტერნეტში. ამ მხრივ საკმაოდ ვიწრო მანდატი გვაქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დომენების სახელებს ვმართავთ. შესაბამისად, ეს ინტერნეტის სამისამართო სისტემის მართვას ნიშნავს.

როდესაც ინტერნეტს მოიხმართ, თქვენ იყენებთ ელექტრონულ ფოსტას, ფეისბუქს თუ სხვა აპლიკაციებს, მათ ქვემოთ არსებობს მყარი ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მომხმარებლები სერვისს შეუფერხებლად იღებდნენ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიოროებთან ერთად ამ ინფრასტრუქტურის უწყვეტად ფუნქციონირებისთვის ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფოები, ასევე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, ეს არის ის ფუნქციები, რასაც ICANN-ი ასრულებს,”- განაცხადა მიხაილ ანისიმოვმა.

აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით სრულად დისტანციური ფორმატით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები