საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით 3 თვით გადაავადა ახალი ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება. იქამდე არსებული მოლოდინით დენის ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რაც როგორც “თელასის”, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებს უკავშირდება.
საქმე ისაა, რომ კომპანიები სემეკთან ტარიფების გადახედვის წინ საინვესტიციო გეგმებს ათანხმებენ, სემეკი კი ამ ინვესტიციებს ტარიფის დათვლისას ითვალისწინებს. 2025 წლის 12 დეკემბერს როგორც “თელასმა” ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკში ინვესტიციები შეათანხმეს - 5 წლის პერიოდში “ენერგო-პრო ჯორჯია” 1.56 მილიარდი ლარის ჩადებას გეგმავს საკუთარი ქსელის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის, “თელასი” კი 400 მილიონი ლარის ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა. ეს ჯამში 2 მილიარდ ლარს აღწევს.
თუმცა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, შესაძლოა “ენერგო-პრო ჯორჯიას” საინვესტიციო ვალდებულება გადაიხედოს, შესაბამისად მისი შემცირების შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულების ეფექტი დენის ტარიფის ცვლილებაზე უფრო ნაკლები იქნება.
რაც შეეხება არსებულ შემოსავლებს - დღეის მდგომარეობით “ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით თბილისის გარდა საქართველოს კონტროლირებად მთელ ტერიტორიას ამარაგებს. კომპანია ფლობს 16 ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 494 მეგავატ საათია.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგს” 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 2024 წელს 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა (რაც წლიურად თითქმის უცვლელია), ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 265 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 417 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯგუფის მფლობელია ჩეხური კომპანია “ენერგო პრო”, რომლის დამფუძნებელიც ჩეხი ბიზნესმენი იარომირ თესარია.
რაც შეეხება “თელასის ჯგუფს”, მისი 75%-ის მფლობელია რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაო”, ხოლო მინორიტარული წილის მესაკუთრეა ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგი. “თელასი” საქართველოში ორი ძირითადი კომპანიით საქმიანობს - ერთია “თელასი”, ხოლო მეორეა “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია”, ინტერ რაოს ასევე ეკუთვნის ორი ჰიდროელექტროსადგური - ხრამჰესი I და ხრამჰესი II.
2024 წელს “თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას 687 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო “თელასს” 227 მილიონი ლარის შემოსავალი, საიდანაც 216 მილიონი ლარი თავად გამანაწილებელ კომპანიაზე - “თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე” ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იყო. “თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას” 2024 წელს 10 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, 2023-ში კი 102 მილიონი ლარის წმინდა მოგება, “თელასს” კი 2024 წელს 93 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2024 წელს კი 105 მილიონი ლარის წმინდა მოგება. შესაბამისად ჯამურად თელასის ჯგუფის მოგება 2024-ში 83 მილიონი ლარი, 2023-ში კი 207 მილიონი ლარის წმინდა მოგებას შეადგენდა.




























