მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტის ფუნქცია?

5d3f1d53219e3
სალომე მეცხვარიშვილი
29.07.19 23:00
941
ღამის ეკონომიკის პოლიტიკის შექმნა ერთ-ერთი იყო იმ დაპირებებიდან, რომელიც ჯერ კიდევ მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ გასცა. წელიწადზე მეტია, რაც ეს მიმართულება კონკრეტულ პირს, სერგი გვარჯალაძეს აქვს ჩაბარებული.

bm.ge დაინტერესდა - სად არის ღამის თბილისი დღეს და რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტი?

სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ მათ ძირითადად მედიატორის როლი აქვთ და ფუნქციაც მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებაა. სწორედ ამ მიზნით, 300-მდე შეხვედრა უკვე ჩატარებულია, აქ იგულისხმება შეხვედრები მაგალითად, მოსახლეობასა და კაფე-რესტორების მფლობელებს შორის, რომლებიც მსჯელობენ ხმაურის პრობლემებზე, ასევე მათი მიზანია, ბიზნესებისთვის ინფორმაციის მიწოდება-დაკვალიანება, ინიციატივების გაცნობა და ა.შ. კითხვაზე, რა საჭიროა ამ საქმიანობისთვის ცალკე მენეჯმენტი, გვარჯალაძე გვპასუხობს:

“ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის საკომუნიკაციო - 300-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ. ეს არის შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის, იგულისხმება სხვადასხვა ორგანიზაციები, ზოგ შემთხვევაში ფიზიკური პირები, რომლებსაც ვუწევთ კონსულტაციას, გარკვეულწილად “ნეთვორქინგში” ვეხმარებით, ვეხმარებით სხვადასხვა უწყებასთან დაკავშირებაში, განსაკუთრებით მერიის მხრივ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი - დაწყებული, როგორ იქიდან, თუ ჩაატარონ ღონისძიება, დასრულებული კონკრეტულ პრობლემური საკითხების განხილვამდე. ინტენსიურად ვეხმარებით გარკვეული პროექტების შემოტანაში მათ, რადგანაც ზოგ შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, როგორ შეავსოს კონკრეტული ფორმულარი და ა.შ.

ჩვენი მიზანია, დავაჩქაროთ პროცესები და ამისთვის ხელშეწყობა აუცილებელია. არამხოლოდ საკონსულტაციო სამსახურს ვუწევთ, არამედ იგივე “სპარკის” მეშვეობით, იცით, რომ ბიზნესაქსელერატორი გვაქვს... ინტენსიურად ვმუშაობთ და მაგალითად, შემდეგ თვეში ვგეგმავთ მარკეტინგული სამუშაო შეხვედრის ჩატარებას და აქცენტირებას ვაკეთებთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დასაჩქარებელია.

მაგალითად, ანალიზი გავუკეთეთ რესტორნებისა და კაფეების Facebook-ისა და Tripadvisor-ის გვერდებს. მივხვდით, რომ ამ გვერდებზე ან არასწორად არის პოზიციონირებული ობიექტები, ან სრული ინფორმაცია არ აქვთ მიწოდებული, ან არაშესაბამისი საიმიჯო ფოტოები აქვთ. ვხედავთ, რომ ეს გამოცდილება მათ აკლიათ და გვინდა, რომ ასეთი სერვისები (რეკომენდაციების სახით) მივაწოდოთ უფასოდ”, - აცხადებს სერგი გვარჯალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები