მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მითი და რა წერია "შინაური ცხოველების" შესახებ კანონპროექტში? - ავტორების განმარტება

შინაური ცხოველები

მომდევნო კვირიდან, პარლამენტი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. პროექტის ამოქმედებამდე, ცვლილებები უნდა შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

კანონპროექტის გამოქვეყნებას საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი მოჰყვა, რასაც კანონპროექტის ავტორები დეზინფორმაციას უკავშირებენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს ყალბი ნარატივი მიზნად ისახავს კანონის მიღების ხელის შეშლას.

10 ყალბი ნარატივი “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტზე:

1. ამბობენ, რომ თითქოს: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში, და რომ ამ მეთოდებით 2 წელში აღარ იქნება ქუჩაში უპატრონო ცხოველი. ასევე, თითქოს იმ შემთხვევაში თუ 3-ზე მეტი ძაღლი გვეყოლება საკუთრებაში ან თუ მიკედლების აკრძალულ ადგილებში ვერ მივიკედლებთ, ეს ძაღლები რეგისტრაციის გარეშე დარჩებიან, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს დააპატიმროს და შემდეგ დააძინოს უპატრონო ცხოველები.

სინამდვილეში: ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია! მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10-დღიანი, 45-დღიანი და 6-თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებულია და დადგენილია მთავრობის დადგენილებით, რომელიც ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები.

2. ამბობენ, რომ თითქოს, კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.

სინამდვილეში: ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ცხოველთმოყვარულების ემოციებზე მანიპულირებისათვის. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი‼

3.ამბობენ, რომ თითქოს: მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, რომ თითქოს ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.

სინამდვილეში: მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით.

4.ამბობენ, რომ თითქოს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპის და საბელის გამოყენებით.

სინამდვილეში: ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება.

5. ამბობენ, რომ თითქოს კანონის მიღებისთანავე აიკრძალება 3-ზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში, ხოლო, 3-ზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.

სინამდვილეში: 2025 წლის 1 ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ “თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1 ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა

‼პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ “შემგროვებლობა”. ‼

6. ამბობენ, რომ თითქოს კანონის ამოქმედებიდან მიმკედლებლებს ექნებათ ვალდებულება გაუკეთონ მიკედლებულ ცხოველს, როგორც ანტირაბიული, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია და გაუწიონ ვეტერინარული მომსახურება.

სინამდვილეში: კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინაციას, სახელმწიფოს მხრიდან ასევე გაგრძელდება უპატრონო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, რადგან კანონპროექტით არ დგინდება მიკედლებული ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა, სახელმწიფო ანტირაბიულ ვაქცინაციას უზრუნველყოფს 2027 წლის ბოლომდე.

‼კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას‼

7. ამბობენ, რომ თითქოს თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება.

სინამდვილეში: კანონპროექტში საუბარია არა მიკედლებული ძაღლის მიერ არამედ პატრონიანი ძაღლის, კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. დადორბვლაზე საუბარი არ არის, ხოლო დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

8. ამბობენ, რომ თითქოს: თუ უპატრონო ძაღლი ან კატა აღმოჩნდება სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან საავადმყოფოში ამ დაწესებულების მესაკუთრეები დაჯარიმდებიან 50 ლარის ოდენობით.

სინამდვილეში: ეს არის სრული დეზინფორმაცია და მიზანმიმართულია კანონპროექტის დისკრედიტაციისკენ და ხალხის მასობრივი დაზაფვრისკენ.

9.ამბობენ, რომ თითქოს: 3-ზე მეტი ძაღლის ყოლაზე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, საკუთრების უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს.

სინამდვილეში: როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

10. საჯარო სივრცეში ამბობენ, რომ თითქოს: 26 თებერვალს დაგეგმილია გარემოს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიღება.

სინამდვილეში: გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია და მის სხდომამდე ოთხმა დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა უნდა განიხილოს კანონის პროექტი (ჯანდაცვა, რეგიონული, უფლებები, საფინანსო). ამის შემდგომ წამყვანმა კომიტეტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს იმისათვის, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი. ჯამში უნდა ჩატარდეს 7 საკომიტეტო და 3 პლენარული მოსმენა, ჯამში 10 მოსმენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები