ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რიცხვებით მოხდა მანიპულაცია, რადგან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილი მოსახლეობის რაოდენობა და ცესკოს მიერ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
კალანდარიშვილი ამბობს, რომ მიზეზი სხვადასხვა ფორმულის გამოყენებაა. ხოლო, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს, უწყებებს მიმართონ.
" ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობის რაოდენობასა და ამომრჩევლის სიას შორის სხვაობა კითხვის ნიშნებს ბადებს.
მინდა განვმარტო, პირველ რიგში, მოსახლეობის რაოდენობის შედგენას აქვს თავისი მეთოდოლოგია და ის სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარება და ამ სხვაობას შორის დაჭერას აქვს თავისი ლეგიტიმური საფუძველი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხორციელდება არასწორად და მანიპულაციურად. გარკვეული ფორმულით მიდის რაღაც ციფრების გამოყვანა, რომელიც რეალურად არ შეესაბამება მეთოდოლოგიას, რომლითაც ამ ფორმულის გამოყვანა ხდება. მინდა, მივმართო ამომრჩევლებს, ინტერესის შემთხვევაში მოხდეს როგორც საქსტატში, ისევე ჩვენთან კუთვნილი ინფორმაციის დაზუსტება. იმიტომ, რომ ის ფორმულა, რომელიც გამოყვანილია სხვაობას წარმოაჩენს და ეს არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა კალანდარიშვილმა "იმედის" ეთერში.