უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებები Tbilisi Open Air-ზე მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ რთული პროცესია. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Tbilisi Open Air 2024-ის მედია მენეჯერმა, სოფიო ებრალიძემ ისაუბრა.
„Tbilisi Open Air ორგანიზებისას ბევრი წინაღობა იკვეთება. პირდაპირი ავიარეისების ნაკლებობა, რეგიონში არსებული ვითარება, რუსეთ-უკრაინის ომი, არის მთავარი სირთულეები უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებებში. ყოფილა შემთხვევები, რომ ამ მიზეზით კონკრეტულ არტისტს ფესტივალში მონაწილეობაზე უარიც უთქვამს.“ - განაცხადა სოფიო ებრალიძემ.
მისივე თქმით, სირთულეებს წარმოქმნის მთავრობის მიერ სუბსიდირებული კონცერტებიც.
„მიუხედავად იმისა რომ მთავრობის მიერ სუბსიდირებული კონცერტები ერთჯერადია და ფესტივალს პირდაპირ კონკურენციას ვერ გაუწევს,რაოდენობიდან გამომდინარეც, თუმცა გვიწევს ჰონორარების გაზრდა არტისტებისთვის, რაც დამოუკიდებელი ბიზნესისთვის რთულია. მნიშვნელოვანია ბალანსი იყოს დაცული“, - აღნიშნა სოფიო ებრალიძემ.
15-წლიანი ისტორიის მქონე ცნობილი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია – ივნისში თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს ელოდებიან.
15 წლის განმავლობაში ფესტივალმა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს უმასპინძლა. 2024 წელს Tbilisi Open Air-ზე ელექტრონული მუსიკა უფრო დიდი დოზით გაჟღერდება.
Tbilisi Open Air 2024 21, 22, 23 ივნისს „ლისი ვანდერლენში“ გაიმართება და ოთხ სცენას და 60-ზე მეტ არტისტს უმასპინძლებს, მათ შორის: M.I.A. MASEGO. AURORA. ARCHIVE. SHE WANTS REVENGE. ELLEN ALLIEN. SPEEDY J. KEN ISHII. ATMOS. LEBANON HANOVER. CIRCUS MIRCUS. MOKUMOKU. PSYCHONAUT 4. KILLAGES. REGAL. HIGH FADE..
2024 წელს Tbilisi Open Air-ს შემოუერთდა თბილისის ღამის კლუბი, KHIDI, რომელიც ღამის სცენის წარმდგენი იქნება ელექტრონული სცენის მეორე წარმომადგენელთან, Zion Garden-თან ერთად.