ქართული კომერციული ბანკები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ, რაც აისახება, როგორც მათ მიერ გენერირებულ მოგებაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მათ გეოგრაფიულ გაფართოებაზე. პარალელურად ამისა, მსხვილი ქართული ბანკები ტექნოლოგიურად მეტად განვითარებულები არიან და ხშირად, ტექნოლოგიურ კომპანიებად პოზიციონირებენ. თუმცა, პარალელურად ამისა, ქართულ საბანკო სივრცეში მაინც ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ინიციატივის ფარგლებში, ციფრული ბანკებისთვის გამარტივებული სალიცენზიო პირობებით სარგებლობენ.
ერთ-ერთი ასეთი “პეისერა ბანკი საქართველოა”, რომელმაც რეალურ რეჟიმში მომხმარებლების მომსახურების უფლება ეროვნული ბანკისგან ჯერ კიდევ 2023 წლის 15 ივნისს მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, აღნიშნული ლიცენზია არასრულია და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას ციფრული ბანკი მხოლოდ 2024 წლის იანვრიდან შეძლებს.
ქართულ საბანკო ინდუსტრიაზე და ამ სექტორში “პეისერა ბანკ საქართველოს” კონკურენტულ უპირატესობაზე “საქმიან საღამოში” ციფრული ბანკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, “პეისერა ბანკ საქართველოს” მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად, მომხმარებლებს ევროპული საბანკო ანგარიშის გახსნაც შეუძლიათ.
“ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პროდუქტი, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. ჩვენ ვართ ერთადერთი ბანკი, რომელიც ქართველ მომხმარებელს, ერთ სივრცეში, უხსნის, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საბანკო ანგარიშს. აღნიშნული ევროპული ანგარიში ჩართული არის “ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში” (SEPA), რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ევროში ანგარიშსწორება მოახდინოთ ისევე მარტივად, სწრაფად და ხშირ შემთხვევაში, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ლარში”, - აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.
“საქმიანი საღამოს” წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ეს კონკურენტული უპირატესობა საკმარისი იმისთვის, რომ “პეისერა ბანკ საქართველომ” ქართულ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ის რამდენიმე სიახლე, რომელიც საქართველოში “პეისერამ” შემოიტანა, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
“დღეს, Airbnb-ზე საქართველოში ოცდაათი ათასამდე ბინა არის რეგისტრირებული. იმისთვის კი, Airbnb-ზე ბინის გაქირავებით ფული რომ მიიღოთ, საქართველოში, მხოლოდ სამი გზა არსებობს:
1/ საბანკო ჩარიცხვა, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ამერიკულ დოლარში და ამ შემთხვევაში, თქვენი ხარჯი 20-25 დოლარამდე მერყეობს;
2/ Payoneer-ბარათი, რომლის შემთხვევაშიც ხარჯი პრაქტიკულად იგივეა;
3/ Western Union-ი, რომლის შემთხვევაში ხარჯი არის $10.
თუმცა ჩვენ გუშინ და გუშინწინ გავტესტეთ და შევძელით, “პეისერა ბანკ საქართველოს” ანგარიში Airbnb-ზე, როგორც მიმღების ანგარიში დაგვერეგისტრირებინა. ამგვარად, ამ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას ჩარიცხვის ღირებულება აღარ გადაიხადონ ანუ აღნიშნული თანხები თავიანთ ანგარიშებზე უფასოდ მიიღონ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა “საქმიან საღამოში”.
“პეისერა ბანკ საქართველოს” გენერალური დირექტორი ამბობს იმასაც, რომ მათ ციფრულ ბანკში ანგარიშის გახსნით სარგებლის მიღება საქართველოდან უცხოურ კომპანიებში დასაქმებულ პირებს, ე.წ. “ფრილანსერებსაც” შეუძლიათ, თანაც თანხის მინიმალური მოცულობის ლიმიტის დაკმაყოფილების გარეშე. დიმიტრი ქუმსიშვილი დასძენს, რომ “პეისერას” სერვისების გამოყენება ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, “პეისერა ბანკი საქართველოს” კონკურენტული უპირატესობა ვრცელდება არამხოლოდ ინდივიდუალურ, ანუ საცალო მომხმარებლებზე, არამედ კორპორაციულ კლიენტებზეც.
“დღეს, სტანდარტული საშუალო ზომის ბანკის მომხმარებლისთვის ევროპაში გადარიცხვა 20-დან 35 ევრომდე მერყეობს. ჩვენი ტარიფი კი - 7 ევროს შეადგენს ნებისმიერი მოცულობის თანხაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვინაიდან ჩვენი ანგარიში ჩართული არის SEPA Instant-ში, ანუ მყისიერი გადარიცხვების სისტემაში, თანხის გადარიცხვისა და მიღების საშუალება ნებისმიერ დროს გვაქვს”, - აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი “საქმიან საღამოში” სტუმრობისას.