მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის საჭირო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის? - მოსაზრება

621cde04341cf
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.22 10:36
1053
"ქართული პროდუქციის ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გამოფენების თანაფინანსება საკმარისი არ არის", - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც არასტაბილურ პარტნიორზე, უნდა შემცირდეს, რადგანაც არაერთი მძიმე გაკვეთილის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს N2 სავაჭრო პარტნიორია.

გვანცა მელაძემ ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, კი ხელისუფლება სწორ პოლიტიკას უნდა ატარებდეს.

“თანხები სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაიხარჯოს არამხოლოდ წარმოების ხელშეწყობაში, არამედ ქვეყნის პოპულარიზაციაში. ამაზე მეტ-ნაკლებად მუშაობს "აწარმოე საქართველოში", თუმცა არ არის საკმარისი მხოლოდ გამოფენების თანადაფინანსება, ბევრად უფრო სერიოზული და მყისიერი ნაბიჯებია გადასადგმელი.

მაგალითად, სავაჭრო ინსტრუმენტები უნდა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მეწარმეობისთვის. რას ნიშნავს ეს? მე თუ არ გადამიხდის მომწოდებელი თანხას ან თუ მიწევს, რომ დაველოდო კონსიგნაციაზე 30-60-90 დღე, უნდა მქონდეს დაზღვევის საშუალება, რომ სანამ მივიღებ ამ თანხას მქონდეს ფინანსებზე წვდომა. ამ პროდუქტს დღეს ფინანსური ინსტიტუტები სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ საკმაოდ ძვირი პროდუქტია, რადგან საქართველოში არ არის იმხელა ექსპორტი და ბრუნვა, რომ უფრო იაფი ღირდეს ეს პროდუქტები”, - აცხადებს გვანცა მელაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ სწორედ ამ მიმართულებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ ფინანსური სავაჭრო ინსტრუმენტები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. გვანცა მელაძის თქმითვე, აუცილებელია ამოქმედდეს ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა შექმნილიყო.

“არის დაანონსებული "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ინიციატივა, რომელიც გარკვეულწილად სწორედ ამ მიმართულებას ანუ ექსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა მის ამოქმედებას.

ამ ყველაფერთან ერთად მეწარმეებისთვის ტექნიკური დახმარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი; მათ ძალიან უჭირთ რთულ ბაზრებზე ორიენტირება, მოლაპარაკების წარმოება, არ აქვთ ექსპორტის მართვის გამოცდილება, აქვთ ენის ბარიერი, არ აქვთ გაყიდვების უნარები და ა.შ.”,- აცხადებს გვანცა მელაძე.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ელექტრონული ვაჭრობის გააქტიურებაც, მით უფრო პანდემიის პერიოდში. გვანცა მელაძე ამ კუთხით ლოგისტიკურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დიდი სასაწყობე მეურნეობის შექმნა, სადაც ქართული პროდუქცია განთავსდება და საერთაშორისო ბაზრებს სწორედ აქედან მიაწვდის საქონელს. ის ხაზს უსვამს, რომ არ არის აუცილებელი ეს სახელმწიფომ გააკეთოს, თუმცა მნიშვნელოვანია მსხვილი ბიზნესის წახალისება, რომ ამ მიმართულებით დაინტერესდნენ.

“ონლაინვაჭრობის გარეშე შეუძლებელი იქნება ექსპორტის განვითარება”,- ამბობს გვანცა მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები