ბიზნესმენმა გია მორდეხაშვილმა MGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს გასტრონომიის გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა გემრიელი კერძის მოსამზადებლად უმნიშვნელოვანესია, რაც მიწის დამუშავების კულტურას უკავშირდება. ბიზნესმენის განმარტებით, შხამ-ქიმიკატებით მიწის გამოფიტვა არ უნდა ხდებოდეს, რაც დღეს გასტრონომიის მთავარი გამოწვევაა.
„ქართული გასტრონომია ძალიან ძლიერია, ისტორიულად უკვე ჩამოყალიბებული სამზარეულოა, რაც შესანარჩუნებელი და დასაფასებელია. „Kusa Food Balls" -ის კონცეფცია ზუსტად იმით მომწონს რომ არცერთ ქართულ გემოს არ ვცვლით. უბრალოდ ახალ მიწოდების ფორმას ვქმნით.
იგივე მჭადი, ფხალი, ლობიო, ელარჯი, ხარჩო, თავისი ისტორიული ავთენტიკური გემოებით არის შენარჩუნებული, საუკეთესო თვისებებით, რადგან ის რაც კარგია არ უნდა შეიცვალოს და ამ კონცეფციაში უბრალოდ მიწოდების ფორმაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ასე რომ ეს არის ქართული გასტრონომიის ძლიერი მხარე.
სუსტი მხარეა პროდუქტი - ბევრი ფერმერი მუშაობს ამ სუსტი მხარის აღმოსაფხვრელად, ბევრი უჩივის რომ ბევრი შხამ-ქიმიკატებია გამოყენებული. მიწასთან მოპყრობის კულტურაა აღსადგენი რადგან მიწის გამოფიტვა არ შეიძლება.
პროდუქტიდან იქმნება კერძი და თუ პროდუქტი კარგი და ჯანსაღი არ არის, კერძი ვერ იქმნება - ეს ქართული გასტრონომიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა", - განაცხადა გია მორდეხაშვილმა.