პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული პროდუქციის წარმოების გზით მიიღწევა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.
„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე. მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება და ეს არის შანსი საქართველოსთვის, ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბაზარზე, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.
„დღეს, ჩვენი მოსახლეობის ფაქტობრივად 40 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა მთლიან შიდა პროდუქტში, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მხოლოდ 9 პროცენტია. სწორედ ეს არის სიღარიბის წყარო. ვფიქრობთ, ორგანული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი სწორი გზა, ისეთი გზა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უახლოეს მომავალში მიიღოს კონკრეტული შედეგი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























