მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის უსტ-ლუგას პორტი და რატომ არის ის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი?

უსტ-ლუგას პორტი

რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ნავსადგური, უსტ-ლუგა, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ობიექტი ხუთჯერ გახდა.

ბოლო იერიში 30 მარტის ღამეს განხორციელდა, რასაც წინ 25 და 29 მარტის თავდასხმები უძღოდა. აღსანიშნავია, რომ 25 მარტს მომხდარი აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ დარტყმის შედეგად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის კვამლი ფინეთიდანაც კი ჩანდა.

ცნობისთვის, ამ იერიშის შემდეგ პორტის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ნავთობის ჩატვირთვის პროცესი სრულად შეეჩერებინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი უკრაინამ მიზანში პირველად 2024 წლის იანვარში ამოიღო.

რაც შეეხება თავად უსტ-ლუგას პორტს, ის რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისი მშენებლობის დაწყებიდან, 1997 წლიდან გახდა. პროექტის დასრულება, რაც ბიუჯეტს $2.1 მილიარდი დაუჯდა, ვლადიმერ პუტინის პირადი ინიციატივით დაჩქარდა. პრეზიდენტს სურდა, მოსკოვს მშრალი ტვირთების გადაზიდვისას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე დამოკიდებულება აერიდებინა. ობიექტის სტრატეგიულობას ისიც განაპირობებს, რომ ქვეყანა სწორედ ამ გზით ახერხებს ბელარუსის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას. განმარტებისთვის, უსტ-ლუგას პორტთან მთავრდება ბალტიის მე-2 მილსადენი BTS-2-ი, რომელსაც რუსეთი დღემდე აქტიურად იყენებს. პორტის ინფრასტრუქტურა 150 000 ტონაზე მეტი ტევადობის გემების მიღებაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისმა ტვირთბრუნვამ 2018 წელს 98.7 მილიონ ტონას მიაღწია.

ამჟამად პორტის ტერიტორიაზე აქტიური მზადება ეთანის შემცველი ბუნებრივი აირისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე მიმდინარეობს. მათ Gazprom-ი ახორციელებს. Baltic LNG-ის პროექტი წელიწადში 13 მილიონი ტონა თხევადი გაზის წარმოებას ისახავს მიზნად, რისთვისაც ნედლეულის მოწოდება ნადიმპურტაზის რეგიონიდან უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები