„რა აფეთქებაზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და არანაირი მოლოდინი აფეთქების არ გაქვს, ღმერთმა დაგვიფაროს“ - ეს კომენტარი კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.
წულაია ამბობს, რომ სექტორმა სიმყარე კოვიდის დროსაც კი გამოავლინა, როცა 80%-იანი კლება იყო, დღეს არსებული 5%-იანი ვარდნა კი, მისი შეფასებით, ბაზარზე მნიშვნელოვანი რისკების მატარებელი არ არის.
„საერთოდ არ ვიცი ვინ მოიტანა ტერმინი - აფეთქება, 5%-იან კლებაზეა საუბარი, კოვიდის დროს თვეში 15 ბინაზე ჩამოვიდა გაყიდვების მაჩვენებლები, როცა მანამდე 150 ბინას ვყიდდით და მაშინ არ აფეთქებულა ბაზარი.
მაშინაც დიდი მიწოდება იყო, მაშინ 80%-ით შემცირდა ბაზარი და 19-20%-იანი კლება გვქონდა ეკონომიკაში. დღეს ჩვენ გვაქვს 11%-იანი ზრდა, რა აფეთქებაზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და არანაირი მოლოდინი აფეთქების არ გაქვს, ღმერთმა დაგვიფაროს", - განაცხადა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, ამჟამად საფინანსო სექტორის მხრიდან დაფინანსება მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებაზე შეწყდა, მიმდინარე პროექტების დასრულებას კი, საფრთხე არ ემუქრება.
"რაც შეეხება კაპიტალის სიმცირეს, 4,3 მლრდ-ის გაყიდვები იყო 2024 წელს, ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი. ეს გაყიდვები საიდან მოდის, ამ დაფინანსების ძირითადი წყარო არის ბანკები, იპოთეკური სესხები. ბანკებმა შეამცირეს კაპიტალის მიწოდება, ამას გიდასტურებთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მიწოდების შემცირებას გამოიწვევს, ანუ ზრდა ისეთი სწრაფი ტემპებით აღარ იქნება, როგორც იყო თუ არ მოხდა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მიწოდება.
გასაგები რომ იყოს, აქ საუბარია ახალი პროექტების დაფინანსებაზე. ძველი პროექტები ძირითადად ბანკებთან თანამშრომლობს და შეკრულია, ანუ მათი დასრულების და მათი აფეთქების საფრთხე არ არსებობს. ახლის არდაწყების შემთხვევაში შეიძლება მიწოდება შემცირდეს. თუ მიწოდება შემცირდება, ფასები გაიზრდება.“ - აცხადებს ილია წულაია.