ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტი დაეხვეწა. კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში, საქართველოში 2019 წლის 30 ივნისიდან ბინების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავებისთვის ახალი ტიპის - ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ხდებოდა სავალდებულო. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტის მეშვეობით ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრისთვის კიდევ რიგი დამატებითი მოთხოვნები წესდებოდა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად არასწორი რიგითობით შევიდა, რადაგანაც სანამ პარლამენტი შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკას დაამტკიცებს, იქამდე ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნული სტრატეგია და ჩარჩო კანონმდებლობა არის მისაღები.
"მიგვაჩნია, რომ ჯერ ჩარჩო კანონი უნდა შემოვიდეს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულ სტრატეგიას და ეროვნულ პოლიტიკას, სტანდარტებს და მეთოდოლოგიას განსაზღვარვს და შემდგომ ვიმსჯელოთ უკვე შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის შესახებ. თითქოს უკუღმა გამოდიოდა ეს ამბავი. მიიღეს და გაითვალისწინეს ეს შენიშვნა და ჩარჩო კანონის დაჩქარება ხდება. როგორც კი ჩარჩო კანონს მივიღებთ, შემდეგ განვიხილავთ შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტიანობასაც,"- ამბობს რომან კაკულია.
მთავრობის განმარტებით, შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის კანონის მიღების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო, რაც საქართველოს 2010 წლის 19 მაისს მიღებული ევროდირექტივის იმპლემენტაციას ავალდებულებს.
ენერგოეფექტურობის სავალდებულო სერტიფიკატებზე მითითებული იქნება თუ როგორია ამ კონკრეტული უძრავი ქონების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი. ამისთვის ევროკავშირში გამოიყენება ენერგოეფექტურობის 7 კლასი, რომლებიც A-დან G-თი განისაზღვება. სადაც A კლასი ყველაზე ენერგოეფექტური, ხოლო G კი ყველაზე არაენერგოეფექტურ სახლს აღნიშნავს.
მთავრობის შეფასებით, ბინის მყიდველებს ეს სერტიფიკატი წინასწარვე მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა დაუჯდებათ მათ მომავალში ამ სახლის გათბობა/გაგრილება.