საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფის - სილქ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დაკავებულია. შს სამინისტრის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმებისას მას თან იარაღი აღმოაჩნდა, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა არ გააჩნდა ამ იარაღის ტარების უფლება. გამოძიებამ ამავე იარაღის ვაზნებიც აღმოაჩინა. შსს-ს განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 3-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურას ბიზნესმენისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:
“სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია განცხადებაში.
სსკ მუხლი 236 - ნაწილი მესამე - “ცეცხლსასროლი იარაღის გარდა სანადირო იარაღისა, საბრძოლო მასალის გარდა სანადირო იარაღისთვის განკუთვნილისა, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.”
სსკ მუხლი 236 - ნაწილი მეოთხე - “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.”
შესაბამისად, მესამე ნაწილისთვის განსაზღვრული მინიმალური სასჯელი 3 წელი, მეოთხე ნაწილისთვის კი 4 წელია. მაქსიმალური სასჯელი მესამე ნაწილის შემთხვევაში 6 წელს, მეოთხე ნაწილის შემთხვევაში კი 7 წელს შეადგენს. პროკურატურას გიორგი რამიშვილისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენია.
გიორგი რამიშვილი საქართველოში შემდეგი ბიზნესების მფლობელია:
"სილქნეტი"
"სილქნეტი" ქვეყნის მეორე უმსხვილესი მოობილური ოპერატორი და ინტერნეტ პროვაიდერია. სილქნეტის მობილურ ქსელს 2 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო “სილქნეტის” ინტერნეტით კი 365 ათასი აბონენტი სარგებლობს. 2024 წელს კომპანიის მობილური ქსელის შემოსავალი 304 მილიონი ლარი, ფიქსირებული ინტერნეტის ქსელის შემოსავალი კი 141 მილიონი ლარი იყო.
“სილქნეტი” ასევე მეორე უმსხვილესი მოთამაშეა მაუწყებლობის ტრანზიტის, ანუ ინტერნეტ ტელევიზიის ბაზარზეც. კომპანიას 278 ათასი აბონენტი ჰყავს, 2024 წელს ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი კი 56 მილიონი ლარი იყო.
"სილქნეტის" აქტივების ზომა 858 მილიონ ლარს აღემატება.
Silk Real Estate - "სასტუმროები რადისონ ბლუ თბილისი", "რადისონ ბათუმი", "ტელეგრაფ თბილისი", "რადისონ ქოლექშენ წინანადალი", "პარკ ჰოტელ წინანდალი" და კომპლექსი "რესპუბლიკა"
Silk Real Estate-ი საქართველოში მაღალი კლასის სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია. ჯგუფის შემადგენლობაში შედის "რადისონის" ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე ახლადგახსნილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ტელეგრაფ თბილისი".
ამასთანავე, Silk Real Estate-ის შემადგენლობაშია თბილისსა და ბათუმში არსებული სამორინე ივერია, რომელიც "რადისონის" სასტუმროებშია განთავსებული.
2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის უძრავი ქონების ბიზნესის მთლიანი შემოსავალი 258.7 მილიონი ლარი იყო. აქედან სამორინეების ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი 154.5 მილიონ ლარს, სასტუმროების ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი კი 93 მილიონი ლარი იყო.
Silk Real Estate-ის აქტივების ზომა 883 მილიონ ლარს შეადგენს.
"სილქ ბანკი"
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ჰოლდინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი "სილქ ბანკია", რომლის აქტივების ზომაც 2025 წლის მაისის მდგომარეობით, 188 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა 80 მილიონი ლარია, ხოლო მასში განთავსებული დეპოზიტები კი 125 მილიონ ლარს შეადგენს. 2025 წლის პირველ 5 თვეში ბანკს 2.7 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
"სილქ მედია"
გიორგი რამიშვილის ჰოლდინგი ასევე ფლობს ტელეკომპანია "სილქნეტს" და საქართველოში ტელეკომპანია "ევრონიუსის" წარმომადგენლობას. 2024 წელს "სილქ მედიას" ჯამური შემოსავალი 7.5 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 7.2 მილიონი ლარი არხის მფლობელის შემოწირულობას შეადგენდა.
15.5%-ის წილი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში"
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ასევე ფლობს მინორიტარულ - 15.5%-ის წილს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია "ვისოლ პეტროლიუმში". ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2023 წლის მაჩვენებლებს მოიცავდა, კომპანიის შემოსავალი 642 მილიონი ლარი იყო. "ვისოლ ჯგუფის" ძირითადი აქციონერები კი ლევან ფხაკაძე (37.8%-ის წილით) და სოსო ფხაკაძე (31%-ის წილით) არიან. ამასთან, ჯგუფში 7.1%-ის და 2.4%-ის წილებს ფლობენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორები ალექსი თოფურია და დევიდ ფრანც ბორგერი.
გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორები:
"სილქ როუდ ჰოლდინგში" გიორგი რამიშვილის აქციათა პაკეტი შეადგენს 36.3%-ს, ასევე 36.3%-ის წილით არის წარმოდგენილი ყაზახი ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი. ასევე აქციათა 16.7%-ის წილს ფლობს ალექსი თოფურია, 5.6%-ის წილს დევიდ ფრანც ბორგერი, დავით მამულაიშვილი კი 5%-ის წილს.