მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ბიზნესს და ქონებას ფლობენ „ოცნების“ წევრები და თანამდებობის პირები? - TI-მ 18 პირის ქონება შეისწავლა

ბიძინა ივანიშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ "ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი წევრების, თანამდებობის პირებსა და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენების ევროკავშირში არსებული ქონება შეისწავლა.

ჯამში ორგანიზაციამ 18 პირის შესახებ მოიძია ინფორმაცია, რომლებიც კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში ფლობენ: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი.

BMG საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

საფრანგეთი

ბიძინა ივანიშვილი

კომპანიები: ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.

უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ორ უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:

  1. 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
  2. 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.

კახა კალაძე

უძრავი ქონება და კომპანია: კახა კალაძე პარიზში ფლობს 7-ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.

ანტონ ობოლაშვილი

ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.

კახი ბექაური

კომპანია: 2024 წლის 28 ივნისს კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კომპანიის საწესდებო კაპიტალში. TI-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.

გერმანია

ლევან კობიაშვილი

უძრავი ქონება: ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში ორ უძრავ ქონებას ფლობენ:

  1. 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
  2. 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.

ნიდერლანდები

ირაკლი რუხაძე

კომპანიები: ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნესს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:

  • ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
  • ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
  • ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
  • რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.

ნიკოლოზ ლალიაშვილი

კომპანია: ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით “სს ზეტორ ბრნო“.

ჩეხეთი

ალექსი ახვლედიანი

უძრავი ქონება: ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს:

  1. 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა.
  2. 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა.

კომპანიები: ალექსი ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo.

TI-ის ინფორმაციითვე, ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რასაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები