მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ჩაიდინა უტვინო სუს-მა დავით ჯანდიერის დაკითხვაზე დაბარებით?! 3 კანონი დაირღვა - ადვოკატის განმარტება

ზაზა ხატიაშვილი

2009-2017 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადვოკატ დავით ჯანდიერის, მოწმის სახით, გამოკითხვაზე დაბარებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გაუვიდა ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა, ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა წარსულს ჩაჰბარდება“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ კანონებზე, რომელიც საქართველოში ადვოკატის პროფესიას იცავს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, მოწმის სახით, გამოკითხვაზე დაიბარა. ჯანდიერი სუს-ში არ მივიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან 12 ოქტომბერს გამოიკითხა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დავით ჯანდიერთან კითხვები პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა - იცნობდა თუ არა მას. დავით ჯანდიერის თქმით, ასევე იყო კითხვები გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თუმცა თანხმლებმა ადვოკატებმა, რომლებიც ამჯერად კოლეგის უფლებებს იცავდნენ, არ მისცეს უფლება კითხვებზე პასუხი გაეცა, რადგან უკანონოა ადვოკატს კლიენტთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა. სუსის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“ გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის ცემის ინსცენირება დაგეგმა.

რა ჩაიდინა უტვინო სუს-მა დავით ჯანდიერის დაკითხვაზე დაბარებით?! - სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლი. თქვენ თუ გახსოვთ, რამდენიმეჯერ ვიშიმშილე, [როცა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი, რათა სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლს, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლას ეხება, დამატებოდა ადვოკატის პროფესიაც“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი

სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი პუნქტი ამბობს, რომ „საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებითვე, ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვაზე დაბარებით სუსმ-ა დაარღვია "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონი.

კერძოდ, "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“; მესამე პუნქტის მიხედვით კი, „არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი)“.

წერტილთან“ ინტერვიუში ზაზა ხატიაშვილმა, დავით ჯანდიერის მოწმის სახით დაკითხვით კანონის დარღვევის გასამყარებლად მოიშველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი, სადაც ადვოკატი იმ პირების სიაშია, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე.

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ, ადვოკატის მოწმის სახით გამოკითხვის ფაქტის შესახებ მას არ გაუგია. წერტილთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა ერთი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და ადვოკატი მოწმის სახით დაიბარეს გამოკითხვაზე, მაგრამ აქტიური პროტესტის შედეგად, საგამოძიებო უწყებებმა გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმეს.

ადვოკატი არის დამოუკიდებელი ფიგურა. ამ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის დროს რატომ იჯდა 175 ადვოკატი ციხეში?! იმიტომ, რომ არ ეგუებოდნენ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც მაშინ იყო. მოვიდა ივანიშვილის რეჟიმი და დაიწყო იგივე და უფრო მეტი ამ ბოლო ხანებში; ერთადერთი სფერო, რომელიც, ვთქვათ, მათ ეწინააღმდეგება და ადამიანს იცავს, ვინ არის?! ადვოკატი. ჟურნალისტებს უკვე აღარ უშვებენ სასამართლო პროცესებზე, სისტემა მთლიანად დახურულია და ადვოკატია ერთადერთი, რომელმაც შეიძლება სასამართლოდან ინფორმაცია გამოიტანოს. აქედან გამომდინარე, თუ ადვოკატ დავით ჯანდიერთან გაუვიდოდათ, გაუვიდოდათ ძალიან ბევრ ადვოკატთან. [თუ ასე გაგრძელდა] მთელი ადვოკატთა კორპუსი დადგება ფეხზე და მე ვიქნები ავანგარდში“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დავით ჯანდიერის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ის სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და კოლეგებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.

მოვუწოდებ კოლეგებს! უნდა დავდგეთ ერთად! თუ ივანიშვილის რეჟიმს გაუვიდა ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა, ადვოკატის დაბარება საგამოძიებო უწყებაში თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენი პროფესიული დამოუკიდებლობა ჩაჰბარდება წარსულს. კოლეგებო! თუ ივანიშვილის რეჟიმი უკან არ დაიხევს არცერთი ადვოკატი არ უნდა გავიდეთ პროცესზე! კოლეგებო, ძალა ერთობაშია!“, - დაწერა ზაზა ხატიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები