ახალი განმარტებების თანახმად, რომელიც მიწის შესახებ ორგანილ კანონში ჩაიწერება, მიწის გაყიდვა უცხოელი ფიზიკური პირებისთვის აიკრძალება, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ ,,ანალიტიკაში“ განაცხადა. მისივე განმარტებით, კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე თვეში მოხდება.
"ეს კანონპროექტი მხოლოდ შემოიფარგლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგულაციით, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ფიზიკური პირი, ვერ შეიძენს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მაგრამ მას შეუძლია იჯარით აიღოს ეს მიწა. რაც შეხება საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის წილი ამ კომპანიაში არ აღემატება 49%-ს, ხოლო ქართული მხარის წილი 51 %-ია, მათ შუძლიათ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამავდროულად ჩვენ გვქონდა საუბარი დიდ პროექტებზე, როგორიცაა ჰესის, პორტის მშენებლობა, სადაც რჩება დისკრეცია მთავრობის დონეზე“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.
დანელიამ იმ შესაძლო რისკებზეც ისაუბრა, რასაც აღნიშნული კანონის ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს.
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი შემცირდება, მე არ ვიზიარებ აბსოლიტურად. შარშან, სოფლის მეურნეობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, იყო 3 მილიონი დოლარის ფარგლებში, შარშანწინ - დაახლოებით ორჯერ მეტი, ანუ კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ანუ დღევანდელი მოცემულობით, როდესაც ამბსოლიტურად ლიბერალური იყო ეს მიდგომები, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი კრიტიკული მასა უცხოური ინვესტიციებისა არ იქმნება და უფრო მეტიც, ადგილობრივი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში ბევრჯერ აღემატება, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს. ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფრთხეს იმისას, რომ ხვალ აღარ შემოვა ეს ინვესტიციები“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

























