რა ცვლილებები იგეგმება "საქართველოს რკინიგზის" მართვის სისტემაში?
დავით ჯალაღონია
29.07.18 14:00
• 1597
სს "საქართველოს რკინიგზა" ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მუშაობს.
როგორც BM.GE-ს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აკაკი საღირაშვილმა განუცხადა, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსი“ მოძველებულია და მისი განახლებისთვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
"ევროდირექტივების დანერგვის თვალსაზრისით, ყოველ წელს ჩვენ შესასრულებელი ვალდებულებები გვაქვს. კანონპროექტები მზადდება და შესაბამის უწყებებს ეგზავნება. ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით ეკონომიკის სამინისტროს, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს „სარკინიგზო კოდექსში“, რომ ევროდირექტივები ეტაპობრივად დაკმაყოფილდეს. მოგეხსენებათ, ევროდირექტივებთან რვა ნორმატიული აქტის ჰარმონიზაცია უნდა განხორციელდეს და ყველა დირექტივას თავისი შესრულების ვადა აქვს. ამ ვადებს ჩვენ ვიცავთ. წელს მაგალითად, მგზავრთა საჯარო გადაყვანის შესახებ ვალდებულების რეგულაცია უნდა დაინერგოს. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია და წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროსთვის", – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სარკინიგზო დარგში საერთო ჯამში, 2022 წლისთვის, ქართული საკანონმდებლო სივრცე და მისი პრაქტიკული კომპონენტები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებული უნდა იყოს.
როგორც აკაკი საღირაშვილი განმარტავს, დაგეგმილი ცვლილებები რკინიგზის მენეჯმენტის სტრუქტურასაც ეხება.
"დღეს რკინიგზა მონოლითური ორგანიზაციაა, სადაც გაერთიანებულია სამი ძირითადი ბიზნეს ერთეული – სამგზავრო გადაყვანები, სატვირთო გადაზიდვები და ინფრასტრუქტურა. ევროპული მიდგომა არის, რომ ფინანსურად უნდა გაიმიჯნოს რკინიგზაში ეს სამი ერთეული. შეიძლება, სამართლებრივადაც. ამის შესახებ თვით ევროპაშიც ცხრა სხვადასხვა მოდელი არსებობს.
გარდა ამისა, ცალკე უნდა არსებობდეს რკინიგზის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს სუბიექტებს შორის. ისევე როგორც, დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს რკინიგზის უსაფრთხოების მასერტიფიცირებელი ორგანო.
ევროდირექტივები ასევე, მემანქანეთა ლიცენზიის მოპოვების განსხვავებულ ხედვას ითვალისწინებენ და მას – არა რკინიგზა, არამედ სულ სხვა ორგანო უნდა გასცემდეს", – აღნიშნა მან.
ამასთან, აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ევროპული კანონმდებლობა ბაზარზე ოპერატორების არადისკრიმინაციულ დაშვებასაც მოითხოვს.
"ოპერატორი შეიძლება, იყოს სამგზავრო და სატვირთო. ვინაიდან სამგზავრო ოპერატორი ევროპაშიც კი წამგებიანია, აქ სახელმწიფო აკეთებს სუბსიდირებას, აცხადებს აუქციონს და ვინც გაიმარჯვებს, ის ხდება სამგზავრო ოპერატორი. სატვირთო ოპერატორი კი, რომელიც თითქმის ყველგან მომგებიანია, ბაზარზე კონკურენციის შედეგად ირჩევა და ეს ერთის მხრივ, ფასისა და ტარიფის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა და მეორეს მხრივ, ხარისხს ამაღლებს", – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი" პარლამენტმა 2002 წელს მიიღო და მასში ბოლო ცვლილება 2012 წელს განხორციელდა.