პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება.
2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენ. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.
რეგისტრაციის II ეტაპი, 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთ მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.