მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე საქართველოს მოქალაქე 2022 წლის 31 მარტამდე უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს, სამართლებრივი ღონისძიებები გამოიყენოს. საუბარია სასწავლო სტიპენდიის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც გრანტს საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს სახელმწიფო და სტუდენტები უცხოეთში აგრძელებენ განათლების მიღებას. პროგრამას სპეციალური დათქმებიც აქვს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ პირი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამის საჯარო სექტორში განაგრძოს საქმიანობა.
ახალი დადგენილების მიხედვით, სახელმწიფოსგან გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა (პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი), უნდა მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.
BMG-ის კითხვაზე, რა იგულისხმება "შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებში”, განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის ის ზომა, რაც შესაძლოა ცენტრმა გამიოიყენოს იმ ბენეფიციართა მიმართ, რომლებიც ამ ვადას გადააცილებენ.
მთავრობის მიერ 27 დეკემბერს მიღებულ დადგენილებაში ასევე წერია, რომ გრანტის მიმღების მიერ საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ.
განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მათი ინფორმაციით, 1000-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ.