“ბატონო მიხეილ, ერთხელ და სამუდამოდ მინდა რომ დავინახო განათლების რეფორმა, მისი სისტემა მთლიანობაში. რისი დეფიციტიც მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე დღესაც მაქვს. ამ სისტემას ვერ ვხედავ"- განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ეკითხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
კოვზანაძის განცხადებით, მინისტრის მიერ გაკეთებული პრეზენტაცების მიუხედავად, მისთვის მაინც სრულად გასაგები არ არის, თუ რაში მდგომარეობს სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმის არსი.
კოვზანაძის თქმით, თუ სახელმწიფო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გააუქმებს, მაშინ რა ინსტრუმენტით იქნება იმის შემოწმება შესაძლებელი, რომ სკოლებში განათლების ხარისხი გაიზარდა, ბოლომდე ცხადი არაა.
“ახსენეთ უსაფრთხო სკოლა, ასევე ბრძანეთ, რომ გაიზრდება ხელფასები პედაგოგებისთვის. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სისტემის ელემენტები კარგად ვერ დავინახე. იქნებ განგვიმარტოთ თავიდან ეს რეფორმა, რომ ელემენტები კარგად დაგვანახოთ - როგორც სასკოლო ნაწილში, ასევე უმაღლესში. ერთიანობაში რა ხედვაა ეს მაინტერესებს. გარკვეულწილად სულ გვესმის ეს ნაწილები, ტელევიზიიდან ვუყურებ მე პირადად, ვნახე პრეზენტაცია, რაც ქალაქგარეთ იყო, ახლაც ვნახე თქვენი გამოსვლა, მაგრამ მინდა, რომ კარგად დავინახო.
გარდა ამისა, იქნებ კიდევ კარგად ახსნათ, ამ გამოცდების მოხსნა როგორ შეუწყობს ხელს სკოლაში განათლების ხარისხის ზრდას? იქნებ ეს კიდევ ერთხელ კარგად განმარტოთ, იმიტომ რომ ამის დეფიციტი მე მაქვს. რა იქნება მაშინ მეტრიზებადი სისტემა, რომელიც ჩვენ მოგვცემს დასაბუთებას, რომ ბავშვები უკეთესად ისწავლიან?
რა დაგვანახებს ჩვენ იმას, რომ ამ გამოცდების გაუქმებით, ბავშვები ჩვენს სკოლაში უკეთესად ისწავლიან, სკოლაში სწავლის ხარისხი გაიზრდება? იქნებ ეს განმარტებები უკეთესად მოგვცეთ ან კიდევ ერთხელ განმარტოთ თქვენ საპასუხო სიტყვაში”- ამბობს კოვზანაძე.

























