ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ფოთის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების გაუქმების მიზეზები განმარტა.
როგორც მინისტრი ამბობს, ეს არ იყო სამშენებლო ნებართვა და ეს იყო ე.წ. მიწით სარგებლობის პირობები, რომელიც სერიოზული პროცედურული დარღვევებით გაიცა.
„ეს დოკუმენტი არ არის მშენებლობის ნებართვა, ეს არის ე.წ. მიწით სარგებლობის პირობები, რომელიც გაიცემა ჩვენი სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებით იყო გაცემული დოკუმენტი, რის შესახებაც არ ჩაგვაყენა საქმის კურსში არც მე და არცერთი მოქმედი მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ეს პიროვნება არის გათავისუფლებული.
ჩვენ შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ სერიოზული პროცედურული დარღვევები; მაგალითად, ერთ-ერთი დარღვევა არის ის, რომ როცა ვსაუბრობთ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, მიწის მესაკუთრე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იყო ჩართული პროცესში და არ იყო მათთან შეთანხმება. ქონების მართვის სააგენტოს მომართვის საფუძველზე ეს დოკუმენტი გავაუქმეთ. ეს პროცესი დაწყებულია მანამ, სანამ მინისტრად დავინიშნებოდი“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

























