მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა დათმობაზე წავიდა უკრაინა უნგრეთთან და სლოვაკეთთან და რატომ? - Politico-ს ანალიზი

ვიქტორ ორბანი და ვოლოდიმირ ზელენსკი

ბოლო ორი თვის განმავლობაში უნგრეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბა. ფაქტობრივად, ევროკავშირის ყველაზე “ურჩმა” წევრებმა რუსეთთან ომში მყოფი სახელმწიფო სერიოზული რისკის წინაშე დააყენეს.

რისკის, რომ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაფინანსების გარეშე დარჩებოდა. საუბარია, 90 მილიარდი ევროს მოცულობის სასესხო დახმარებაზე, რომელიც უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. დაბლოკეს, რადგან ზელენსკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა, დაეშვა ამ ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი იმ რუსული მილსადენის აღდგენა, რომელიც თავად რუსეთმა დაბომბა იანვრის მიწურულს. საუბარია "დრუჟბაზე".

ოფიციალური კიევის პოზიცია თავიდანვე შემდეგი იყო: პირველი, რომ ისინი ვერ დაუშვებდნენ ამ მილსადენის სარემონტო სამუშაოების დაწყებას, ვიდრე რუსეთი ყველასა და ყველაფერს განურჩევლად იღებს მიზანში. მათი შეფასებით, რეაბილიტაციის დაწყება დიდ რისკებს შეიცავდა, რადგან რუსეთს დამატებითი საბოტაჟისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება დაებომბა იგივე, დაზიანებული მონაკვეთი და დაეხოცა უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც შეკეთებაზე იმუშავებდნენ. ცალკე საკითხია, რომ კიევს არავითარი სურვილი არ ჰქონია, გაერისკა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე რუსული მილსადენისთვის. მეორე არგუმენტი, რომელიც ზელენსკიმ დაასახელა, შეეხებოდა იმას, რომ ამ მილსადენის აღდგენით, უკრაინა, ფაქტობრივად, მტრის დაფინანსებას შეუწყობდა ხელს. პრეზიდენტმა თავიდანვე ღიად თქვა, რომ მილსადენის ამოქმედება პირდაპირ შეუწყობდა ხელს რუსული ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას. იმ ნავთობის, რომელშიც უნგრეთი და სლოვაკეთი კრემლს ფულს გადაუხდიდნენ. ეს ფული კი ისევაც უკრაინის დაბომბვას მოხმარდებოდა.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ საკითხს, უნგრეთისა და სლოვაკეთისვის "დრუჟბა" ენერგოუსაფრთხოების, ანუ ეკონომიკის მოძრაობის მთავარი არტერიაა. ფაქტი, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის ის, რომ მათ ნავთობის მიწოდების სასურველ ფასად ჩამნაცვლებელი არ ჰყავთ და ვერც ევროკავშირმა უზრუნველყო ამ პრობლემის აღმოფხვრა, თუნდაც სხვა ქვეყნებიდან იმპორტის დასუბსიდირებით. შესაბამისად, ისინი დადგნენ იმ მოცემულობის წინაშე, როცა უკრაინის “ურჩობის” გამო მათი ინტერესები ზარალდებოდა. შესაბამისად, სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებმა ტრადიციული ალიანსი შეკრეს და ჯერ 90 მილიარდი ევროს დაფინანსება გაყინეს, შემდგომ კი, რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების მე-20 პაკეტი ჩააგდეს. ჩააგდეს შემდეგი არგუმენტით - “არ გვექნება ნავთობი, არ ექნება ფული უკრაინას”.

არადა, უკრაინას ფული ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ანალიტიკოსების ყველაზე ოპტიმისტური დათვლებითაც კი, ქვეყანას აპრილის თვისთვის საკმარი რესურსები აქვს დარჩენილი, 90 მილიარდი ევროს სესხი კი, რომელიც 2 წელზე გადანაწილდებოდა, იგივე უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ჰაერშია გამოკიდული. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის დათმობაზე წასვლა მოუწია. დათმობაზე, რაც გულისხმობს მილადენის შესასწავლად და შესაკეთებლად დაზიანებული მონაკვეთზე ევროპელი ექსპერტების შეშვებას. თანაც ისე, რომ ამას მთლიანად ევროპული მხარე დააფინანსებს. გარკვეულწილად, ეს შუალედურ გამოსავლადაც მიიჩნევა, რადგან თავად უკრაინელები ობიექტს აღარ შეაკეთებენ და არც ფულს ჩადებენ საკუთარი თავის დაბომბვაში, თუმცა ფაქტია ისიც, რომ უახლოეს თვე-თვენახევარში უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად კრემლი ფულს ისევაც უკრაინზე გამავალი მილსადენიდან მიიღებს. Politico-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს სტრატეგიული დათმობა სრულადაც არ არის კატასტროფული, რადგან იმ სცენარს, რომელშიც უფულოდ დარჩენილი უკრაინა მტრის წინაშე პირისპირ დარჩებოდა, ყველა შემთხვევაში სჯობს ის სცენარი, რომელიც შედგა.

ამ სვლით ზელენსკიმ ორბანი და ფიცო გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. მათ აღარ აქვთ არგუმენტი. ტრადიციულად კი, როცა ეს ორი ხელისუფალი საფუძვლიანი არგუმენტის გარეშე რჩებიან, შიდა უკმაყოფილების გაზრდის შიშით, უკან იხევენ. მარტივად რომ ვთქვათ, მათ გამოსავაჭრებელი უკვე გამოივაჭრეს. Politico-ს შეფასებით, უკრაინისთვის სასარგებლო შედეგი უახლოეს რამდენიმე დღეში დადგება, როცა ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმსჯელებს 90 მილიარდი ევროს დაფინანსების გადაცემაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები