მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დატვირთვით მუშაობს Elbit-ისა და "საპარტნიორო ფონდის" დაფუძნებული საავიაციო ნაწილების ქარხანა

5dea07403e4d7
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.19 22:00
4117
ამერიკულმა ავიაგიგანტმა Boeing-მა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი დოლარის (ზუტი ოდენობა საჯარო არაა) საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილები შეიძინა.

საქართველოში კომპოზიტური საავიაციო ნაწილების მწარმოებელი პირველი ქარხანა 2018 წლის მაისში გაიხსნა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულმა ქარხანამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა. უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ კი პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო.

სახელმწიფოს კუთვნილი “საპარტნიორო ფონდისა” და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული საწარმო სს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)”, საკუთარი წარმოების ეტაპობრივ ზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, გახსნიდან მეხუთე წელს საწარმო 300 ადამიანს უნდა ასაქმებდეს და მისი წლიური წარმოება $60 მილიონს უნდა შეადგენდეს. "საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ყოველთვიური წარმოება დაახლოებით 3,000 დეტალს შეადგენს, რომელიც სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. 

კომპოზიტური (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილები სამოქალაქო ავიაციაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება. მათი სიმტკიცისა და გამძლეობის გამო თვითმფრინავების მწარმოებლები ფიუზელაჟის ელემენტების ტრადიციულ (ალუმინის) კომპონენტებს სულ უფრო მეტად კომპოზიტური მასალებით წარმოებული ელემენტებით ანაცვლებენ. მათ შორისაა Boeing 787-ი, რომლის კონსტრუქციის 50%-ზე მეტიც (ფიუზელაჟი, ფრთები) სწორედ კომპოზიტური მასალებით არის წარმოებული. როგორც ცნობილია საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ მოდელის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.

საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში სს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)” პროდუქციას არ ამზადებდა, რის გამოც მისი შემოსავალი ნულის ტოლი იყო. ამავე წელს ქარხნის საოპერაციო და ადმინსტრაციული ხარჯები 35.9 მილიონი ლარი, ამორტიზაციის ხარჯები კი 4 მილიონი ლარი იყო. ჯამში იმის გამო, რომ ქარხანა პროდუქციის რეალიზებას არ ახდენდა მისმა ზარალმა 2018 წელს 40.3 მილიონი ლარი შეადგინა.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 151.4 მილიონ ლარს შეადგენს. 2019 წლის ფინანსური შედეგების შესახებ 2020 წელს, კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან გახდება ცნობილი. 

2018 წლის მოგება-ზარალის უწყისი:



მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2015 წელს, როდესაც საწარმოს პროექტის განხორციელების პროექტი დაიწყო, მასში თანაინვესტორის სახით იყო ჩართული კომპანია, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

2015 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომლითაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას თბილისში, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 200 ათას ლარად გადასცა 62 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ყოფილი ფოლადმშენის ქარხანა. გარიგების მიხედვით, ფარცხალაძის კომპანიამ კვადრატული მეტრი 31 თეთრად შეიძინა. კომპანია რომელმაც ეს მიწის ნაკვეთი მიიღო 2014 წელის 10 ოქტომბერს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია “როიალ დეველოფმენთი” იყო. ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი იყო. მთავარი პროკურორის კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება აღნიშნულ ფართობზე განეხორციელებინა მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტირება. 2018 წელს ყოფილი პროკურორის ადვოკატმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე აღნიშნულ საწარმოში “კონსულტანტის” პოზიციას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები