მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა მთავრობას ხუდონჰესის გამოსყიდვა?

63a0535f4c799
მარიამ ვარადაშვილი
19.12.22 16:14
1340
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. მისივე თქმით, პროექტზე აუქციონის გამოცხადებას მთავრობა 2023 წლის დასაწყისში გეგმავს. 

“ხუდონჰესთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ იყო ის, რომ სახელმწიფოს შეძლებოდა პროექტის დაბრუნება, რათა პროექტის განხორციელების ეტაპზე ბარიერი აღარ ყოფილიყო და უმოკლეს პერიოდში ჩვენ პროექტის განხორციელების დაწყება შეგვძლებოდა. 13.5 მლნ აშშ დოლარი იყო თანხის მოცულობა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან გარიგება შედგა", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესში მთავრობას იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-ი ჰყავდა ჩართული.

“ვფიქრობ, ეს არის ადეკვატური და საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები. დავიბრუნეთ ტერიტორიები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული და ყველა უფლება [პროექტზე]. შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. ეს არის სწორი, სახელმწიფოებრივი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტიანი კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობასთან და მათი მხარდაჭერაც იქნება. ეს იქნება საქართველოს და მისი მოსახლეობის პროექტი. ის ქვეყნის რესურსებით აშენდება და საბოლოოდ მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტით უნდა მივიღოთ", - თქვა დავითაშვილმა. 

ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები