"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 1-ლი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების უბედური შემთხვევა დააზღვიოს.
სავალდებულო დაზღვევის ძალაში შევსვლამდე თითქმის ერთი თვე რჩება, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი რა ლიმიტით და რა პირობებით მოხდება კანონის აღსრულება.
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ დღეს ეს ყველაფერი ბუნდოვანია, რასაც თან ახლავს ტენდენცია, როცა კომპანიებმა ძალიან დაბალი მოცვის პოლისების შეძენა დაიწყეს. მისი თქმით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, როცა უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კომპენსაცია წლიური ხელფასის სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების ღირებულებას, სტამბოლიშვილის თქმით, ეს პროდუქტი წლებია ბაზარზე იყიდება და საკმაოდ ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის.
„კომპანიებმა უკვე დაიწყეს არაფრისმომცემი პოლისების შეძენა, ძალიან დაბალიმიტიანი, რაც სარგებელს არ მოუტანს არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს, არც სადაზღვევო ინდუსტრიას და სახელმწიფოს. დეტალები არის აუცილებლად შესამუშავებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონსესუსამდე მივალთ.
საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით რა პირობები უნდა აისახოს კანონმდებლობაში. თუ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახის ლიმიტი უნდა არსებობდეს. ვთქვათ გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახმა უნდა შეძლოს ისეთი კომპენსაციის მიღება, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში შეუმსუბუქებს ამ დანაკარგს ფინანსურად. ეს არის წლიური ხელფასის დაახლოებით სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობა და უფრო იზრდება ეს ლიმიტი, როდესაც საუბარია შრომისუნარიანობის დაკარგვაზე, როცა ადამიანი ვეღარ აგრძელებს მუშაობას და მას სჭირდება მოვლა მთელი ცხოვრება. ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ამას შევთავაზებთ აუცილებლად დამსაქმებლებს და პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაემატოს ეს პირობები და გაიწეროს ყველაფერი კანონში.
კანონი უნდა ითვალისწნებდეს, როგორც დაზღვევის პირობებს, ისე მინიმალურ ლიმიტს, რომლითაც უნდა იყოს პოლისი გაცემული. ეს დაზღვევ არ ღირს ძვირი. ჯანმრთელობის დაზღვევას რომ შევადაროთ 10-ჯერ და 20-ჯერ იაფია. საუბარია, რომ საშუალოდ 10 ათას ლარიანი ლიმიტი წელიწადში 10 ლარი ღირდეს, ასეთ ტარიფებზეა საუბარია და როდეცაც დიდი ორგანიზაციაა იქ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება დაზღვევის ღირებულება", - განმარტავს თინა სტამბოლიშვილი.