მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, მათი დევნის საკითხი დადგება", - გახარია ყალბი დღგ-ის საქმეზე

5d74da01d0e6b
თელარა გელანტია
08.09.19 14:36
1244
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას თქმით, „ყველა იმ დამნაშვესთან რომელმაც სხვადასხვა დოზით, მაგრამ ამ სქემის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი“, ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყალბი დღგ-ის შექმნის მასშტაბურ სქემას შეეხებოდა.

„ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩვენი საგადასახადო სისტემის და სამართალდამცავი სისტემის. ეს ფაქტია და ეს უნდა ვაღიაროთ. ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია დაახლოებით, 60-მდე ადამინი და უფრო მეტზე დაწყებულია დევნა. თქვენ რაც ბრძანეთ, ხომ არ აპირებთ რიგით ბიზნესმენებზე გადატეხოთ ჯოხი - არ ვაპირებთ, უბრალოდ გამოძიებას აქვს თავისი ლოგიკა და ეს ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ სრულფასოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად დაიწყო დევნა, როცა ადამიანებმა განზარახ აარიდეს თავი გადასახადების გადახდას და უბრალოდ გამოიყენეს ჰაერზე შექმნილი დღგ არაკანონიერ ჩათვლებში და ამით პირდაპირი ზიანი მიაყენეს ბიუჯეტს.

შესაბამისად, შეიძლება სასჯელის სიმკაცრეზე ვიმსჯელოთ საგადასახადო დისციპლინის დასამყარებლად. რა თქმა უნდა, თუ ამ საქმეში გამოიკვეთება ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, მე გპირდებით, რომ მათი დევნა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სხვანაირად ჩვენ საგადასახადო დისციპლინას ქვეყანაში ვერ აღვადგენთ.

საგადასახადო დისციპლინა არის ფუნდამენტური როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ისე საერთოდ ყველა იმ გეგმისთვის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.
ამიტომ მე პირადად გპირდებით, რომ ყველა იმ დამნაშვესთან რომელმაც სხვადასხვა დოზით, მაგრამ ამ სქემის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები