მთავრობის მიერ იმპორტირებულ ხორბალზე გადასახადის დაწესებას ადგილობრივ ბაზარსა და მარცვლეულის მწარმოებლებზე მოსალოდნელი შედეგი არ ჰქონია. როგორც ფერმერები, ასევე თავად წისქვილკომბინატების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ხორბალზე ფასები კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, შესაბამისად, საიმპორტო გადასახადის დაწესებამ ქართული ხორბლის რეალიზაცია მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა. პარალელურად ამისა, როგორც წისქვილკომბინატების ნაწილში ამბობენ, გაძვირებული იმპორტირებული პროდუქციის ფონზე, წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის გაძვირებაცაა მოსალოდნელი. რა შედეგი იქონია მთავრობის მიერ იმპორტირებულ ხორბალზე გადასახადის დაწესებამ მარცვლეულის ბაზარზე და როგორია სექტორში ვითარება?






























