მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება “სასტუმრო ლიანდაგებზე” - 25 მარტიდან ბრიუსელიდან პრაღამდე ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდება

სასტუმრო რკინიგზაზე

თუ წელს ევროტურს გეგმავთ, თუმცა სამოგზაუროდ რამდენიმე ფრენის დაჯავშნა არც თუ ისე ოპტიმალურ ვარიანტად გესახებათ, შეგიძლიათ, თვითმფრინავი მატარებლით ჩაანაცვლოთ.

ბელგიურ-ჰოლანდიური სარკინიგზო კომპანია European Sleeper-ი ახალ წამოწყებას, ღამის მატარებელს აანონსებს, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდება და ოთხ ქვეყანასა და შვიდ ქალაქს მოიცავს. ახალი მარშრუტი ბრიუსელი - ამსტერდამი - ბერლინის უკვე არსებულ სარკინიგზო ხაზს დაემატება, რომელსაც კომპანია უკვე ფარავს. ამიერიდან მგზავრები ანტვერპენიდან (ბელგია) როტერდამში (ნიდერლანდებში), როტერდამიდან დრეზდენში (გერმანია), გერმანიიდან კი პირველად პრაღაში, ჩეხეთის დედაქალაქში იმოგზაურებენ.

The Good Night Train ასე ეწოდება სერვისს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ სარკინიგზო სასტუმროა და მგზავრებს სხვადასხვა ფასიანი პაკეტით, განსხვავებულ შეთავაზებებს სთავაზობს.

მატარებელი გეზს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ბრიუსელიდან, 19:22 საათზე აიღებს, საიდანაც ასევე ბელგიაში, ანტვერპენში გაემგზავრება, შემდეგ კი - ამსტერდამში. ღამის განმავლობაში მატარებელი ჩავა ბერლინსა და დრეზდენშიც, ბოლო გაჩერება კი მომდევნო დღეს, 10:56 საათზე, პრაღაში ექნება. უკან დასაბრუნებლად კი იგივე მატარებელი კვირას, სამშაბათსა და ხუთშაბათს 18:14 საათზე დატოვებს პრაღას, მეორე დღის 09:27 საათზე კი ბრიუსელში დაბრუნდება.

მსგავსი მარშრუტი მგზავრებს საშუალებას აძლევს “სასტუმრო” ბელგიაში მთელი ღამით დაიქირაოს და პრაღაში გაიღვიძოს, ან ნებისმიერ სხვა გაჩერებაზე, სულ სხვა ქვეყანაში ჩავიდეს. ნებისმიერი პაკეტი კი მგზავრს 4 ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას ბარგზე ყოველგვარი ლიმიტისა და აეროპორტის შემოწმების გავლის გარეშე აძლევს.

სერვისების ღირებულება €58-დან იწყება, რაც მატარებელში სასურველი სკამის არჩევას გულისხმობს, თუმცა ხანგრძლივი მგზავრობისთვის ის რეკომენდებული არ არის. კუპე, რომელიც 4-6 კაცზეა გათვლილი და სკამების საწოლებად გადაქცევის საშუალებას იძლევა, €78 დაგიჯდებათ. ყველაზე ძვირად ღირებული პაკეტი Sleeper კუპეა, რომელშიც მაქსიმუმ სამი ადამიანი განთავსდება და მისი ღირებულება €177-დან იწყება. აღნიშნული პაკეტი, წინა ორისგან განსხვავებით, საუზმესაც ითვალისწინებს. სამივე ალტერნატივის შემთხვევაში კი ქალი სოლო მოგზაურებისთვის ცალკე სივრცეებია გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები