2019 წელს წყლის რესურსების მოხმარება ახალ რეგულაციებს დაექვემდებარება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
რეგულაციები ძირითადად ეხება იმ საწარმოებს, რომლებიც ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს იყენებენ, მაგალითად მდინარეებს, ტბებს, სანაპირო წყლებს, ხელოვნური წყლის ობიექტებს და ა.შ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მოცემული, რეგულაციების მიზანი წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაა. დოკუმენტში წერია, რომ ახალმა რეგულაციებმა უნდა დაიცვას წყლის რესურსები დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან, მათი წყალში ჩაშვების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გზით.
წყლის რესურსების დაცვისა და აღდგენისთვის კანონპროექტი ისეთ ძირითად აკრძალვებს ადგენს, როგორიცაა, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება ნებისმიერი სახის ჩამდინარე წყლებით; ნარჩენების ჩაყრა, განთავსება და დამარხვა სანაპირო წყლებში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის ზონებში; წყალსაცავის ავსება, ვიდრე არ განხორციელდება მისი ქვაბურის მოსამზადებლად გათვალისწინებული ღონისძიებები; მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ამოღება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის დასაშვებზე დაბლა დაწევა ან/და წყლის ობიექტის დაშრეტა, ხე-ტყის დაცურება და ა.შ.
ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად გარკვეული მოთხოვნები მუნიციპალიტეტებსაც დაეკისრება. მათ შორის:
„ა) წყალმომარაგებასა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადება;
გ) სააუზო მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება“.
რაც შეეხება სანებართვო სისტემას, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ”, რომელშიც ცვლილებების შეტანა იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა 100 ლარი ეღირება, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა ასევე - 100 ლარი, კომბინირებული ნებართვისთვის კი საწარმოს 200 ლარის გადახდა მოუწევს. სანებართვო სისტემის შემოღება 2022 წლიდან არის გათვალისწინებული.

























