საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით კატარს ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან, ასევე კატარის ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე.
BMG დაინტერესდა რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან.
ვაჭრობა
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მცირეა. მიმდინარე წლის 9 თვეში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 4.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ექსპორტი თითქმის 3 მლნ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 207%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 1.2 მლნ დოლარი შეადგინა, კლება 48%-ს შეადგენს. კატარიდან მთავარი საიმპორტო პროდუქტი პოლიმერები ეთილენისაა, რომელზეც ჯამური იმპორტის 94% მოდის, რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან კატარში წელს შემდეგი საქონელი გავიდა:
- ცხვრები და თხები ცოცხალი - 2.2 მლნ ლარი;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 214 ათასი დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 207 ათასი დოლარი;
- მზა ან დაკონსერვებული თევზი - 110 ათასი დოლარი;
- ხორცი ცხვრის ან თხის - 54 ათასი დოლარი;
ტურიზმი
რაც შეეხება ტურიზმს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, წელს 9 თვეში კატარიდან ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით 1 142-მდე შემცირდა.
ფულადი გზავნილები
წელს 9 თვეში საქართველოში კატარიდან 4.1 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
გასული წლების ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასეთია:
2025 წელი - 4.6 მლნ დოლარი;
2024 წელი - 4.2 მლნ დოლარი;
2023 წელი - 3.8 მლნ დოლარი;
2022 წელი - 3 მლნ დოლარი;
2021 წელი - 1.8 მლნ დოლარი;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში კატარიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა, თუმცა ბოლო წლებში ზრდა ფიქსირდება. ასე მაგალითად 2025 წელს ინვესტიციების მოცულობა 3.4 მლნ დოლარიდან 6.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
























