მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს ჩეხეთთან, რომელმაც შსს-ს 3 მაღალჩინოსანი დაასანქცირა?

ჩეხეთი

როგორც 29 იანვარს გახდა ცნობილი, ჩეხეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. არსებული ინფორმაციით, სანქცირებულია ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე და მირზა კეზევაძე.

ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებში ყველაზე მოცულობითი იმპორტია. ზოგადად კი საქართველო-ჩეხეთის რიცხვებში გამოხატული კავშირები არც თუ ისე მასშტაბურია.

ვაჭრობა

ჩეხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამოუყენებელ პოტენციალზე საუბრობდა ქართული მხარე ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6-ე სხდომა შედგა.

2024 წელს საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო ბრუნვამ 238.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად მცირედით, 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2023 წელს იყო და 243.7 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბალანსი უარყოფითია და საქართველო თითქმის 8-ჯერ მეტს ყიდულობს ჩეხეთისგან, ვიდრე თავად ყიდის.

2024 წელს ჩეხეთიდან იმპორტმა 211.5 მლნ დოლარი შეადგინა (წლიურად 4.3%-ით ნაკლები), ხოლო ექსპორტმა - 26.5 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 17.3%). ექსპორტის გასული წლის მაჩვენებელი ისტორიული მაქსიმუმია. იმპორტი კი რეკორდული 2023 წელს იყო.

ჩეხეთიდან TOP 5 საიმპორტო პროდუქტი შემდეგია:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $58.8 მლნ;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $18.8 მლნ;
  • მსუბუქი ავტომობილები - $18.1 მლნ;
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - $6.5 მლნ;
  • აპარატურა ელექტრული ელექტრული წრედების კომუტაციისათვის ან დაცვისათვის - $6 მლნ.

ჩეხეთში TOP 5 საექსპორტო პროდუქტი კი შემდეგია:

  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $5.4 მლნ;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $4.1 მლნ;
  • თხილი და სხვა კაკალი - $3.3 მლნ;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $2.6 მლნ;
  • მსუბუქი ავტომობილები - $1.5 მლნ.

ინვესტიციები

არც თუ ისე მაღალია ინვესტიციების მოცულობაც. ჩეხეთიდან ყველაზე მეტი, 131.7 მლნ დოლარის FDI 2017 წელს შემოვიდა, რის შემდეგაც კლება იყო და უკვე 2020 წელს ნეგატიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2021-2022 წლებში ინვესტიციები უკვე 80 მლნ დოლარზე მეტი იყო, ხოლო 2023 წელს 14.7 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით კი ჩეხეთიდან 89.2 მლნ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ.

ვიზიტორები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ჩეხეთიდან საქართველოში 13 618 ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 1.5%-იანი კლებაა.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ჩეხეთიდან სულ 8.2 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მართალია ჩეხეთიდან გზავნილები მზარდია და გასულ წელს რეკორდული იყო, თუმცა მაინც უმნიშვნელოა და საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში 0.2%-იანი წილი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები