დონალდ ტრამპის მედიისა და ტექნოლოგიების კომპანია Trump Media-ს ტრეიდერები საფონდო ბირჟაზე რყევებისთვის ემზადებიან. აშშ-ის ექსპრეზიდენტის კომპანიის აქციებზე ფასები, რამდენიმე კვირაა, დრამატულად იცვლება, ოქტომბრის ბოლოს კი რამდენიმეთვიანი რეკორდი გააუმჯობესა: 28 ოქტომბერს Trump Media-ს აქციებზე ფასები 20%-ით, $46.93-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის თვის მნიშვნელოვანი ვარდნის შემდეგ, თითქმის გაოთხმაგებული ნიშნულია.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანია საფონდო ბირჟაზე რყევებისთვის უნდა მოემზადოს.
"იმ შემთხვევაშიც, თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, აქციები წარმოუდგენლად გადაჭარბებითაა შეფასებული, ეს ეკონომიკა კი სრული უაზრობაა. თუ ჰარისი მოიპოვებს გამარჯვებას, აქციები ჩამოინგრევა და განადგურდება, მაგრამ თუ ტრამპი მოიგებს, ეს იქნება უდიდესი ფსონი, რომელიც მას ოდესმე დაუდია", - ამბობს საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ბრაიან ლუკოვი.
წლის მეორე კვარტალში, Trump Media-ს ზარალი $16.4 მილიონი იყო. კომპანიის შემოსავალმა $837 000 შეადგინა, მისი საბაზრო ღირებულება კი $6 მილიარდია.
კვირების მანძილზე, ტრამპის კომპანიის აქციებზე ფასი მის საარჩევნო რეიტინგზე იყო დამოკიდებული. Polymarket-ზე, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საპროგნოზო ორგანიზაციაა, ტრამპის მოგების შანსები, გასულ კვირებში, 67%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დროისთვის ტრამპის რეიტინგი, საშუალოდ, 54%-ია.
Trump Media & Technology-ის 57%-ს თავად დონალდ ტრამპი ფლობს. შესაბამისად, Reuters-ის გამოთვლებით, კომპანიაში მისი წილი $3.5 მილიარდადაა შეფასებული, ტრამპის ქონება კი $5.6 მილიარდია.
აქციის ფასებზე რყევები უკვე შესამჩნევია: Retuers-ის ინფორმაციით, 4 ნოემბერს ვაჭრობა 5-ჯერ შეწყდა, რისი მიზეზიც Trump Media-ს აქციებზე დრამატულად ცვალებადი ფასები იყო. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი აქციებზე ფასები 27%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ტრამპის დამარცხება კომპანიის აქციონერებისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება.
ცნობისთვის, Trump Media-ს ქვეშ ერთიანდება დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი Truth Media და ახალი სტრიმინგ პლატფორმა Truth+.
ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობის ბოლო ვადა 5 ნოემბერია. არჩევნების შედეგები, როგორც წესი, მომდევნო დღეს ხდება ცნობილი.