2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არალეგიტიმურად თვლიან და არ აღიარებენ.
ჯერ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ოფიციალური შეფასება არ გაკეთებულა. თუმცა, ისმის მოწოდებები არჩევნების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეწყვიტა შვედეთმა და გადასინჯვა დააანონსა კანადამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ცესკომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული ეჭვები უნდა გააქარწყლოს, რადგან არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს ქვეყანას. მისი თქმით, ამ სცენარით, ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდება და მოხდება კონკრეტული პირების დასანქცირება, მათ შორის მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საბანკო სექტორს.
“თუ არჩევნების შედეგებთან არსებული ეჭვები არ გაქარწყლდა და მმართველმა ძალამ და ცესკომ იგნორირება გაუკეთა ამ კითხვებს, რომელსაც მე ვსვამ და მოვუწოდებ მედიას რომ დასვას ეს კითხვა, ეს არჩევნები ჩაითვლება გაყალბებულად. თუ ეს არჩევნები ჩაითვლება გაყალბებულად, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ქვეყნისთვის. მესმის, რომ ოპოზიციას უნდა რომ დაამტკიცოს რომ გაყალბდა, თუმცა მე პირადად მგონია, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და ამას ყველა თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ. ამიტომ, მოვუწოდებ ცესკოს, რომ გააქარწყლოს ეს ეჭვები, თუ ამის იგნორირება მოხდება ამას ძალიან დიდი უკურეაქცია მოჰყვება. იქნება მასიური დასანქცირება დასავლეთის მხრიდან პიროვნებების, პრაქტიკულად ინვესტიციები გაჩერდება, ისედაც მწირია, მაგრამ გაჩერდება. ექნება ძალიან დიდი პრობლემები ჩვენს საფინანსო საბანკო სექტორს, იმიტომ რომ ისინი მიბმულები არიან მსოფლიო საბანკო სექტორზე. ამას მოჰყვება დარტყმები ტურიზმზეც,”- ამბობს გიორგი ქობულია.
იგი ასევე მეორე სცენარზეც საუბრობს, რა შემთხვევაში მოხდება ეჭვების გაქარწყლება და არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პირველი რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არის დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება, თუ ეს ასე არ მოხდა სურათი მაინც მძიმე იქნება.
"თუ ქართული ოცნება გააქარწყლებს ამ ეჭვებს ჩვენ დავინახავთ 2020 წლის არჩევნების სცენარს, როცა ყველა ამბობდა რომ გააყალბებს, რასაც მე არ ვამბობდი. ამ შემთხვევაში იგივე სცენარი განვითარდება, ყველა ბოლო ბოლო აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, იტყვიან რომ რაღაც დარღვევები იყო, მაგრამ ეს დარღვევები ყველგან არის.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენად შეტრიალდება "ქართული ოცნება" დასავლური სამყაროსკენ, რის პირობებსაც იძლევიან და თუ შეტრიალდებიან, მე მგონია, ეს ყველაზე კარგი სცენარი იქნება. ლეგიტიმაცია არჩევნების და "ქართული ოცნების" დასავლეთისკენ შეტრიალება თუ არ მოხდა, სურათი მძიმე იქნება”, - ამბობს გიორგი ქობულია "საქმის კურსში" .