მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ეტაპები დარჩა იმისთვის, რომ "აწარმოე საქართველოს" საკრედიტო–საგარანტიო სქემა ამოქმედდეს?

5cf28c8fd7ed3
დავით ჯალაღონია
01.06.19 19:20
2024
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები, რომლებიც ახალ პროგრამაში – საკრედიტო–საგარანტიო სქემაში უნდა ჩაერთონ, დასკვნით ეტაპზეა.

"ძალიან ცოტა დარჩა იქამდე, რომ რამდენიმე ბანკი შემოგვიერთდეს. ეს მოლოდინი თავიდანვე იყო, რომ ბანკების მოლაპარაკებები საკმაო დროს წაიღებდა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ჩვენი ინტერესების თანხვედრა და სწორედ ეს განაპირობებს შემდეგ ამ პროგრამის ეფექტურობას და ზუსტად ამაზე მიდის ახლა მუშაობა. დიდი ალბათობით, ყველა მსხვილი ბანკი ძალიან მალე ჩაერთვება ამ პროგრამაში და არა როგორც სახელმწიფოს დონეზე, არამედ უშუალო გააქტიურება მოხდება პროგრამის ბანკების მხრიდანაც", – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა BM.GE–სთან საუბრისას.

სააგენტოს ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, როდიდან ამოქმედდება სრულფასოვნად პროგრამა.

"ჩვენ თავის დროზეც არ ვიყავით მომხრე, რომ ამის თარიღი დასახელებულიყო და არც ახლა დავასახელებ კონკრეტულ თარიღს. ბანკებთან მოლაპარაკებების თითქმის ბოლო ეტაპზე ვართ. რამდენიმე ბანკი სხვებს დაასწრებს და უფრო ადრე მიიღებს ამაში მონაწილეობას", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო–საგარანტიო სქემა მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა. როგორც მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია აღნიშნული, ამ პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

ამასთან, მთავრობა ირწმუნება, რომ პროგრამის განხორციელება ეკონომიკის დაკრედიტებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამა 20 მილიონი ლარით ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები